"ქვეყანაში მგონი უნდა იყოს დაცული ბიზნესი ზოგადად და არა ამერიკული, ევროპული, ან რომელიმე ქვეყნის ბიზნესი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ის ვერ ხედავს სერიოზულ ნიშნებს, რომ საქართველოში ბიზნესი დაცული არაა.
"სერიოზული საფრთხეები რომ იყოს რომელიმე ბიზნესზე და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს იქნება ამერიკული, ევროპული თუ ჩვენი ისრაელის პარტნიორები, ცხადი არის, რომ პრეზიდენტის როლი არის, რომ მაშინაც ხმა ამოიღოს. საერთოდ ჩემი მთავარი როლი არის სიტყვა და ეს სიტყვა ისე არ უნდა გამოიყენო, რომ ბოლომდე ყველაფერი არ გქონდეს გაზიარებული და გათვალისწინებული", - აცხადებს ზურაბიშვილი, რომელიც "ამერიკის ხმასთან" საუბრისას საქართველო-ირანის ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო.
"თავის დროზე, როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მაშინაც იყო სანქციები დაწესებული ირანზე. ჩვენი განსაკუთრებული პოზიცია და ისტორიული ურთიერთობები ირანთან, იყო რაღაც დონემდე გათვალისწინებული ამერიკელების მიერ და მათ ესმოდათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც დონის ურთიერთობები ირანთან შენარჩუნებული იყოს, არა სანქციების ხარჯზე, მაგრამ სხვა ურთიერთობები, მაგალითად ტურიზმი და ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც არ ეხება სანქციებს. დღევანდელ დღეს ესეც არის მოსალაპარაკებელი ამერიკელებთან, თუ რამდენად არის მათთვისაც ეს მისაღები და გაითვალისწინებენ ჩვენს რეგიონალურ განსაკუთრებულ ვითარებას", - აცხადებს ზურაბიშვილი.

























