თელავის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ოფიციალურ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს. თელავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან "ერთობლივი გასროლა" მოხდება.
"მოსახლეობის საყურადღებოდ!!! გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია", - წერია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიცს 16 დეკემბერს დადებს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციით, ძალაში შევა საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ინსტიტუტს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას აუქმებს.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად 28 ნოემბერს აირჩიეს. 28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტის მიღება ვერ შეძლო.