საფინანსო სექტორში ცვლილებებია. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პარალელურად, ბაზარზე მიკრობანკები გამოჩდნენ. MBC-ის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია “კრისტალს” მიანიჭა.
როგორც “კრისტალში” BMG-ის განუცხადეს, გაზრდილი მანდატი მათ საშუალებას მისცემთ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაზარდონ. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მათი გეგმაა, რომ მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელი გააორმაგონ.
ამასთან, ილია რევიას მოლოდინით, მიკრობანკებისთვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომა, მათ შორის დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა მომავალში მომხმარებლებისთვის სასესხო პროდუქტებს გააიაფებს.
“მიკრობანკები მომხმარებელს იმ ახალ პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის არ იყო შესაძლებელი. ესაა ანგარიშების გახსნა, შემნახველი ანაბრები და ვადიანი დეპოზიტები. ასევე ციფრული არხები, რის ნაკლებობასაც განსაკუთრებით რეგიონები განიცდიან. [სესხებზე] ფასები ეტაპობრივად დაიკლებს, ჩვენ გვეძლევა საშუალება ადგილობრივ ბაზარზეც ვიმუშაოთ და ანაბრები მოვიზიდოთ. ამის ხარჯზე უკეთესი მომსახურების მიწოდება მოხდება, საბოლოოდ ეს მოზიდული სახსრები ჩვენს მომხმარებელზეც აისახება.
„მიკრობანკები მცირე და საშუალო ბიზნესზე იქნებიან ორიენტირებული. ცხადია, დაკრედიტება გაიზრდება, რადგან დაკრედიტების ლიმიტი ათმაგდება და 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის გაცემის უფლება გვექნება. ჩვენი ფინანსური გეგმაა, რომ სამ წელში საკრედიტო პორტფელი გავაორმაგოთ. თუმცა აქცენტს მხოლოდ საკრედიტო პორტფელზე არ გავაკეთებთ და მიზანი დაზოგვის პროდუქტების განვითარებაც იქნება“, - განაცხადა ილია რევიამ.
ცნობისთვის, ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების, მიკრობანკების მთავარი სეგმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაა. მათ უფლება აქვთ მომხმარებელზე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცემენ, ასევე დეპოზიტებიც მიიღონ. ამ ეტაპზე შესაბამის ლიცენზიას ორი კომპანია - MBC და „კრისტალი“ ფლობს.




























