ღვინის თემატიკის პირველი ქართული სამაგიდო თამაშის მწარმოებელი კომპანია „ვინოპოლია“ რომელიც ბაზარზე გასულ წელს, დეკემბერში გამოჩნდა, კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
სამაგიდო თამაშის დამფუძნებლის ინფორმაციით, „ვინოპოლია“ ამ ეტაპზე სხვადასხვა ღვინის მაღაზიებში, კერძოდ 8000 მოსავალში, "ალკორიუმსა" და სხვადასხვა მცირე ტიპის ღვინის მაღაზიებში, ასევე ონლაინ გაყიდვების საშუალებით რეალიზდება.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახის სათამაშოს ვაწარმოებთ. პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პრემიუმ კატეგორიის სათამაშო - სუვენირია, გარკვეული სოციალური კატეგორიის ხალხი ყიდულობს. მისი ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 170 ლარის ფარგლებში მერყეობს.
დეკემბერში გავიხსენით და გვინდა კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით განვვითარდეთ, კერძოდ გვინდა, რომ სხვადასხვა კომპანიებს ჩვენი თამაში შევთავაზოთ და გაყიდვები ამ მიმართულებითაც გავააქტიუროთ. ამისთვის, მარკეტინგული აქტივობებს ვგეგმავთ. თუმცა, ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციის დასახელებისგან თავს შევიკავებთ,“- განაცხადა სიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, “ვინოპოლია” ღვინის თემატიკით გამდიდრებული ყველასათვის ნაცნობი სამაგიდო ბიზნეს-თამაში “მონოპოლიას” ქართული ვერსიაა. კომპანიას არ აქვს საკუთარი საწარმო. შესაბამისად, თამაშის წარმოება ჩინეთში, ხოლო რეალიზაცია საქართველოში ხდება.