სამარცხვინოა, როცა შენი შვილი სწავლობს ევროპაში და შენ მხარს რუსეთისკენ სვლას უჭერ მხარს, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ BMGTV-ის ეთერში განაცხადა. ის გამოეხმაურა ორი მოსმენით „რუსული კანონის“ მიღებას და თქვა, რომ კანონი არ წაუკითხავს, რადგან ამისთვის დასაკარგი დრო არ აქვს.
რაც შეეხება ბიზნესმენებს, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირეს", ივა ჭყონია ამბობს, რომ „ყველაფერს ხალხი განსაზღვრავს“.
„ჩემი კოლეგები არიან და ამასთან დაკავშირებით ზედმეტი განცხადების გაკეთება გამიჭირდება. ხალხმა განსაზღვროს ყველაფერი. შინაარსში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა ვფიქრობ, რომ ისეთივე დანაშაულია, როგორც ამ კანონის მიღება, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ანუ, ჩვენ ახლა ჩვენი ხელით ვხევთ კონსტიტუციას და ჩვენი ხელით ვშლით ჩვენი შვილების მომავალს. არაერთი პოლემიკა მქონია არაერთ ჩემ ნაცნობთან, მეგობართან. მეკითხებიან წავიკითხე თუ არა კანონი - არა, არ წამიკითხავს, დროს არ დავკარგავ, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ოჯახისთვის, რომ მაგაზე არ დავკარგო ერთი ან ორი წუთიც კი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი იმ ევროპელის თუ ამერიკელის განცხადება, რაც მათ გააკეთეს. საკმაოდ მძიმე, მკაფიო განცხადებები იყო. გარდა ამისა, ევროპარლამენტში დიდი პროცენტით მიიღეს რეზოლუცია. ჩვენ რაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შინაარსზე. ცოტა შოკის მომგვრელი იყო, გუშინ ისეთი განცხადება გაკეთდა, თითქოს „გლობალური ომის პარტიად“ წოდებულ პარტიას გავლენა აქვს ევროპარლამენტზე. უბრალოდ შოკის მომგვრელია ეს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ სახიფათო ზონაში რომ შევდივართ ფაქტია და გუშინდელმა დღემ კიდევ ცხადყო ეს.
„რაც გუშინ მოვისმინეთ იყო, რომ ვიღაცას დავამთავრებთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. ჩემი შვილები, მეგობრების შვილები დადიოდნენ აქციებზე. არ უნდა გავიხლიჩოთ, გონს მოვეგოთ, ეს ქვეყანა არის ჩვენი და სამარცხვინოა, როცა შენი შვილი სწავლობს ევროპაში და შენ მხარს უჭერ რუსეთის „ერთ ადგილში“ შესვლას. არაერთი არაფორმალური შეხვედრა გვქონდა არაერთი ქვეყნის ელჩთან, გვეუბნებიან, რომ მხარს გვიჭერენ“, - თქვა მან.