თანამედროვე საჰაერო დრონების გამოყენება მრავალი დანიშნულებითაა შესაძლებელი - როგორც რეკრეაციული, ასევე პრაქტიკული მიზნებით. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მისია, რომლის შესრულებაც დრონს შეუძლია, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა.
დრონების მწარმოებელი ქართული კომპანია, "მისია" ამჟამად სამაშველო დრონის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც სტიქიურ ან რთულად მისასვლელ ზონაში ჩარჩენილი ადამიანის გადარჩენა უნდა უზრუნველყოს.
TECH INFORM-ში სტუმრობისას, "მისიას" ინჟინერმა, დავით ნაკაშიძემ პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამაშველო დრონი საკმაოდ დიდი ზომის იქნება და მას ზრდასრული ადამიანის გადაყვანა თავისუფლად შეეძლება.
უშუალოდ სამაშველო ოპერაციის სქემა კი ამ პრინციპით მუშაობს: დაზარალებულის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დრონს საკაცით მიჰყავს მედიკოსი, რომელიც დაშავებულ პირს სამედიცინო დახმარებას უწევს და საკაცეზე განთავსებაში ეხმარება. ამის შემდეგ, დრონს დაშავებული პირი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს.
სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით, დრონებს ვერტმფრენებთან მიმართებით დიდი უპირატესობა აქვთ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ დრონს ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას შეუძლია მისვლა და საშიშ პირობებში მისი ოპერირებისათვის ეკიპაჟის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ არის საჭირო.
ინტერვიუში Missiya-ს ინჟინერი იმასაც აღნიშნავს, რომ დრონებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ სამაშველო ოპერაციების გამარტივება და ხარჯების შემცირება.