2024 წლის I კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (62.7%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. განახლებულ სტატისტიკას საქსტატი ავრცელებს. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (16.2%), ქვემო ქართლში (5.7%), იმერეთში (4.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (3.9%), აჭარაში (3.5%), მცხეთა-მთიანეთში (1.3%), კახეთში (1.3%), სამცხე-ჯავახეთში (0.4%) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4%).
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 324 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 980 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 339 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის I კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 89.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 40.8% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14.8% - ხილი და ბოსტნეული, 16.1% - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.7% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.0% - საკუთარი წარმოების, 20.4% - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 58.7%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.0 მლნ ლარი შეადგინა.
2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 125.6 მლნ. ლარის ღირებულების (27.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 23.4%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 53.0%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 48.9% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (34.2 %), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (34.7 %) და თევზეულზე (9.7 %) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 4.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 3.2%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 56.6%-ს, თებერვალში - 50.9%-ს, ხოლო მარტში - 50.2%-ს.