რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში გამართულ შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილეები, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
სამინისტროსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შესყიდვების მეთოდოლოგიის სტანდარტიზაციაზე, დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, პრობლემებსა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო გადაწყვეტილებებზე.
„სამინისტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს შეხვედრებს რეგიონების წარმომადგენლებთან. ეს ახალი ფორმატია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. უკვე რამდენიმე რეგიონში გვქონდა ასეთი ტიპის, ძალიან ნაყოფიერი, შეხვედრები. მონაწილეობს ყველა ჩართული მხარე და პირველ რიგში მუნიციპალიტეტები - მათი ჩართულობით გვაქვს საშუალება, განვიხილოთ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.