ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია.
მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა, რომელიც ასწევს თამასას და სხვა კლინიკებს „აიძულებს“ იგივე თამასა დაიჭირონ.
"საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85%-ზე მეტი არის კერძო, მომგებიანი დაწესებულება. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებზეც სწორება გვაქვს- აშშ, ევროპა - მსგავსი პრეცედენტი არსად არ არსებობს. ერთადერთია ჰოლანდია, სადაც სამედიცინო დაწესებულებების 100% არის კერძო, მაგრამ მათი 67% არის არამომგებიანი. ანუ ის პარიტეტი, რაც ჩვენ გვაქვს არის ნეგატიურად უპრეცენდენტო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის გზავნილი, რომ ჩვენ კერძო კლინიკების წინააღმდეგი ვართ. არა, მათ შექმნეს ძალიან მაღალი ხარისხის თამასა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, რადგან ვსაუბრობთ პერსპექტივაზე, პერსპექტივა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული ე.წ. ეტალონური სამედიცინო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, რომლებიც შექმნიან ხარისხისა და ხარჯეფექტურობის თამასას და კარგი გაგებით, აიძულებენ ყველა დანარჩენ კლინიკას, რომ სწორება აიღონ ამ თამასაზე. ამ მოდელს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებზეც ჩვენ სწორება გვაქვს, იყენებენ",- აღნიშნა სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.