ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება. ჯერ კიდევ წინა მინისტრის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრომ „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა.
ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების აქსესუარების ბაზარზე განთავსებასთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობასთან ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს და ის ევროკავშირის კანონმდებლობას ეფუძნება.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერი გამოვყოთ კანონპროექტში- თუ მოწყობილობის მწარმოებელი არ არის დაფუძნებული საქართველოში, მოწყობილობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განთავსდეს საქართველოს ბაზარზე, თუ მწარმოებელი დანიშნავს ერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს. იმპორტიორმა კი საქართველოს ბაზარზე უნდა განათავსოს მხოლოდ ის მოწყობილობა, რომლებიც შეესაბამება ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. მათ შორის, მოწყობილობას უნდა გააჩნდეს „CE“ მარკირება და მოწყობილობაზე შედგენილი უნდა იყოს ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაცია;
„სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების მომხრეა, თუმცა კანონპროექტის მსგავსი ფორმით დამტკიცება მწარმოებელი კომპანიებისთვის მიუღებელია. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ჯერჯერობით არ არის ევრო კავშირის წევრი, ასოციაცია აცხადებს, რომ კანონის ამ ფორმით მიღება სირთულეებს გამოიწვევს ევროკავშირის გარეთ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში და დიდი ალბათობით წინააღმდეგობაშია ასეთ ქვეყნებთან არსებულ შეთანხმებებთან.
წერილში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გაეგზავნა, კერძო სექტორი ასევე მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების DRG სისტემაზე გადასვლით მოხდა ის, რომ თუ კლინიკები მანამდე გარკვეული პროცედურების დროს იყენებდნენ მართლაც მაღალი ხარისხის „CE ნიშნის“ მქონე ქირურგიულ სახარჯ მასალებს, იძულებული გახდნენ ჩაენაცვლებინათ ასეთი სახარჯი მასალები შედარებით იაფი და შედარებით დაბალი ხარისხის სახარჯი მასალით, ამდენად წარმოდგენილი კანონპროექტი უბრალოდ შეუსრულებლობისთვის იქნება განწირული თუ სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არსებული მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა.
სტუმარი: ნინო გამყრელიძე - 4Hospitals-ის მმართველი პარტნიორი;