მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მით უმეტეს ამ სეზონზე, არასწორია" - ინფექციონისტი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის ტარების აკრძალვას აკრიტიკებს. მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პერიოდში, როცა რესპირატორული ვირუსების გავრცელება მატულობს.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მით უმეტეს ამ სეზონზე, როცა რესპირატორული ვირუსების შემოტევაა, არასწორია.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვისთვისაც გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები შეიძლება სერიოზული გართულებით წარიმართოს.

ახლა არ შემომივარდეთ, თუ ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რა უნდაო“,- წერს ექიმი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

ინფორმაციისთვის, წელს, 17 ოქტომბერს, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა. შესაბამისი კანონპროექტი ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით 16 ოქტომბერს განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჭრილში, პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე; ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე; იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემთხვევაში: ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე; მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე; ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე; არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები