"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ქართველ სტუდენტებს უნდა მოემსახურონ, უცხოელი სტუდენტები კი კერძო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ - ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ისაუბრა.
"დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტები, პირველ რიგში ეს სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, ჭარბად იღებენ უცხოელ სტუდენტებს. აქ ვფიქრობთ, რომ უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაკავებული ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის ქართველი სტუდენტების, მომავალი ექიმების მომზადებით. დღეს დაახლოებით, 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ჩვენი სისტემისთვის ექიმების მოსამზადებლად, და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობათ უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდებათ მომავალ ქართველ ექიმებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ფული, რომელიც უცხოელი სტუდენტების მიღებით ქვეყანაში შემოდის, ქვეყანაშივე დარჩება და კერძო სასწავლებლებზე გადანაწილდება; დანაკლისს კი, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტი მიიღებს, სახელმწიფო დააკომპენსირებს.
"ეს მდგომარეობა ვფიქრობთ უნდა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე უნდა დაინერგოს ეს პრინციპი: უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. რა თქმა უნდა, ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით ₾80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც ₾5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, უბრალოდ კერძო უნივერსიტეტებზე გადანაწილდება. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს, და რაც არის დასაკომპენსირებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს. მთავარია, რომ მაქსიმუმამდე გაიზარდოს განათლების დონე და მაქსიმალურად მოემსახუროს ეს უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უცხოელ სტუდენტებს მხოლოდ გამონაკლისის სახით, გაცვლითი და სხვა მსგავსი ტიპის პროგრამების საშუალებით მიიღებენ.
კობახიძემ დღეს პარლამენტშივე განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი, მხოლოდ სამედიცინო ნაწილში, ₾1.2 მილიარდი ლარი იყო.
მხოლოდ სამედიცინო ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტების წილი ეკონომიკაში ₾1.2 მლრდ იყო - ირაკლი კობახიძე




























