მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით

5a8d8303ea8ed
ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი
21.02.18 21:00
5323
კორპორაციული მართვის სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მაღალი ხარისხით განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. კერძოდ, გათვალისწინებულია საბჭოს წევრთა გულმოდგინების, კეთილსინდისიერების და ზრუნვის მოვალეობები, რაც კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს; ამასთანავე, საბჭოს მიერ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ინფორმირებულობის საფუძველზე, რომ თავიდან იქნას არიდებული საბჭოს პასიური როლი მენეჯმენტთან ურთიერთობაში და საბჭოს წევრთა ქმედებებში შესაძლო არაკეთილსინდისიერი შემთხვევები.

საბჭოს ამა-თუ იმ წევრის ან საბჭოს მთლიანი შემადგენლობის პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს სამი შემთხვევა:

• არაკეთილსინდისიერი, არაინფორმირებული, მიკერძოებული და მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები;
• დირექტორთა მიერ ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პასიური მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ვითარების რეაგირების გარეშე დატოვება;
• აქციონერთა საერთო კრების წინაშე ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი, აქციონერთათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმიაციის დამალვა ან სხვა ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებამ ან არასათანადო ხარისხით შესრულებამ შესაძლოა დააზარალოს აქციონერთა ინტერესები.

პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის, სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის განხილული სამივე შემთხვევა კომპანიისთვის, მისი აქციონერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებითვის დამაზიანებელი უნდა იყოს.

სტატია განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობის შემთხვევებს „მეწარმეთა შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან და აგრეთვე, საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ შემუშავებული კომერციული ბანკებისთვის განკუთვნილი კორპორაციული მართვის კოდექსიდან გამომდინარე.

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული პასუხისმგებლობის შემთხვევები.

აღნიშნული კანონის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგელობის საფუძვლები აღმასრულებელი საბჭოს წევრთა პასუხისმგელობის საფუძვლების იდენტურია.
უფრო ვრლად:
• კანონის 55-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით: „სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი“;
• მე-9 მუხლის პირველი და მეექვსე ნაწილების შესაბამისად: „1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

• „6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.

ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით“.

• 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი: „დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია”.

2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული პასუხისმგებლობის შემთხვევები.

კომპანიის დირექტორებთან ერთად, სამეთვალყურეო საბჭო, აღნიშნული კანონით რეგულირებულ „მმართველ ორგანოს“ განეკუთვნება.

კანონი სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობას „მმართველი ორგანოს“ პასუხისმგებლობას უწოდებს და შედარებით უფრო მეტად ახდენს პასუხისმგებლობის საფუძველთა დეტალიზაციას.

კერძოდ, კანონის მე-16-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა:
ა) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისიფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის.”

ასევე საყურადღებოა ამავე მუხლის მე-3 ნაწილი: „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება, რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთანავე, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას“.

სამეთვალყრეო საბჭოს პასუხისმგებლობის შემთხვევა კიდევ უფრო მეტად დეტალიზირებულია კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შინაარსიდან: „ფინანსურ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე“.

3. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და კომერციული ბანკებისთვის შემუშავებული კორპორაციული მართვის კოდექსით რეგულირებული პასუხისმგებლობის შემთხვევები.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობის ყველაზე უფრო დეტალურ საფუძვლებს „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, სადაც უფრო მეტი სიცხადით ხდება საბჭოს წევრთა „კეთილსინდისიერების“ და „გულმოდგინების“ განმარტება.

კერძოდ, კანონის მე-14-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

„6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბანკის უარი ან კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუნარიანია ან გაკოტრების თავიდან აცილების ანდა საბანკო საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, ბანკის ადმინისტრატორთა ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი მოქმედებენ აქციონერთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება”.

ამასთან, საყურადღებოა კომერციული ბანკებისთვის განკუთვნილი კორპორაციული მართვის კოდექსის მიდგომაც, რომელიც ზოგად ცნებათა ნაწილში ახდენს „ფიდუციური ვალდებულებების“ განმარტებას და ბანკის ხელმძღვანელ პირებს აკისრებს საქმეთა გაძღოლას კეთილსინდისიერად და ბანკის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, კანონმდელობით რეგულირებული დებულებებისგან განსხვავებით, აღნიშნული კოდექსი კიდევ უფრო დეტალურად ახდენს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობის საფუძვლებს. კერძოდ:

„სამეთვალყურეო საბჭოს წევრს გააზრებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი ბანკის კორპორაციულ მართვაში და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობით. ამისათვის საჭიროა, რომ თითეულმა წევრმა:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ფიდუციარული ვალდებულებები;
ბ) თავი აარიდოს გადაწყვეტილების მიღებას საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ინტერესთა კონფლიქტსა და გარიგებებს მასთან დაკავშირებულ მხარეებთან;
გ) დაუთმოს საკმარისი დრო და მონდომება მისი ვალდებულებების შესრულებას;
დ) მაქსიმალურად აარიდოს თავი ბანკის ყოველდღიურ მართვაში ჩარევას“.

წარმოდგენილი ციტირებებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ისეთი ასპექტები, როგორიც არის სამეთალყურეო საბჭოს წევრთა მიერ:

• საქმეთა გაძღოლა გონივრულად და დამოუკიდებლად;
• დირექტორთა შერჩევა და შენარჩუნება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით შემოთავაზებული ერთ-ერთი უპირობო სტანდარტია, რომ აღნიშნულ ფუნქციას უშუალოდ საბჭო ახორციელებს;
• ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და პოლიტიკის წერილობითი ჩამოყალიბება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახდენს წარმოდგენილ სტატიაში განხილული სხვა კანონებით მოთხოვნილი „კეთილსინდისიერების, ზრუნვის და გულმოდგინების“ გაშლას;
• უშუალო მითითება ინტერესთა კონფლიქტების არიდებისა და დაკავშირებულ გარიგებათა დადებისგან თავის შეკავების მიზნით;
• მოთხოვნა ბანკის ყოველდღიურ საოპერაციო მართვაში ჩარევისგან თავის არიდების მიზნით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ფიდუციური ვალდებულებები ძალიან ზოგადად განმარტებულია, როგორც „კეთილსინდისიერება“, „სათანადო გულისხმიერება“, „ზრუნვა“ და „კეთილგონიერი გადაწყვეტილებების მიღება“. საკითხი იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება ამ ფრაზების მიღმა გარკვეულწილად განმარტებულია ე.წ. შედარებითი კრიტერიუმით. მაგალითად: „ზრუნვა იმგვარად, რომ ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფმა საღად მოაზროვნე ადამიანმა“ მოახერხოს მსგავსი ან მიახლოებითი სტანდარტის დაკმაყოფილება.

აღნიშნული მიდგომები გაზიარებულია სტატიაში ნახსენებ ყველა კანონში, თუმცა შეიძლება გარკვეული გრადაციის გამოყოფა, სადაც ხდება ამ ტერმინთა უფრო მეტი განმარტება.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობის კრიტერიუმები სხვადასხვა კანონში განსხვავებულად არის შემოთაზებული. კერძოდ:

• „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალიან ზოგადად განმარტავს ამ კრიტერიუმებს;
• გარკვეული კონკრეტიკა შეინიშნება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში;
• „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი გამოირჩევა უფრო მეტი თვალსაჩინოებით, სადაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტებულია ფიდუციურ ვალდებულებათა შინაარსობრივი კრიტერიუმები.
• კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და აღნიშნული დოკუმენტიც, ზოგად განმარტებასთან ერთდ იძლევა ძალიან კონკრეტულ ჩამონათვალს პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები