ფერმერთა მომსახურების კომპანია „აგროკომის“ დამფუძნებელის ირაკლი მერკვილიშვილის თქმით, კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვების ხარჯების შემცირებამ სასოფლო სამეურნეო ტექნიკასა და პროდუქტებზე ფასის კლება გამოიწვია.
მან BMG-სთან განაცხადა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასი ფაქტობრივად განახევრებულია, რაც ქართულ ბაზარსა და პროდუქციის ღირებულებაზეც აისახა.
„ბოლო 2-3 თვე არის განსაკუთრებით ჩინეთიდან ძალიან შემცირდა. მართალია, ეს არ დაუბრუნდა პანდემიამდელ და ომამდე ნიშნულს, თუმცა, სამეურნეო საქონელსა თუ პროდუქციაზე ფასის შემცირება უკვე გამოიწვია. ამას ემატება ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობაც და საბოლოოდ, ეს ყოველივე არა მხოლოდ ფასების შემცირებაზე, არამედ ზოგადად ქართულ ეკონომიკასა თუ ბიზნესზე დადებითად აისახება,“ - აცხადებს მერკვილიშვილი
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 8%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 4,900 დოლარი შეადგინა, რაც 2021 მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფასების კლების ტენდენცია განსაკუთრებით აისახა ჩინეთიდან ტრანსპორტირებულ ტვირთებზე, საიდანაც საკონტეინერო გადაზიდვის საფასური 12 ათასი დოლარიდან - 6 ათას დოლარამდე დაეცა .