მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო მთლიანად განახლდება“ - გამოცხადებული ბაზრის კვლევის დეტალები

ვაზისუბნის საბაგირო

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის დემონტაჟისა და ახალი, თანამედროვე ტიპის საბაგიროს მშენებლობისთვის ბაზრის მოკვლევას იწყებს. პროექტი განხორციელდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც ერთიანად მოიცავს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს.

საუბარია სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზაზე, რომელიც 1986 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და 2000 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. 2025 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებული სადგურებისა და ანძების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რაც მოითხოვს ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს.

ახალი საბაგირო გზა უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მიმართულებით საათში არანაკლებ 1250 მგზავრის გადაყვანას. როგორც ფრანგული კომპანია SYSTRA-სა და „გეოგრაფიკის“ კვლევებმა აჩვენა, აღნიშნულ დერეფანში მგზავრთნაკადი დღეში 8 000-მდე ადამიანს შეადგენს, ხოლო ტერიტორიის განაშენიანების შედეგად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება.

პროექტის ფარგლებში მოამზადება სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ჩატარდება საინჟინრო, გეოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევები, ხოლო საბოლოო ეტაპზე განხორციელდება ახალი წრიული ტიპის საბაგირო გზის მშენებლობა.

გეგმით გათვალისწინებულია თანამედროვე უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობის, კომუნიკაციისა და ენერგომომარაგების სისტემების ინტეგრაცია, რაც უზრუნველყოფს საბაგიროს უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებას.

გამოცდილების მოთხოვნები:

  • მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დადასტურებული გამოცდილება არანაკლებ ორი ანალოგიური ტიპის საბაგირო სისტემის ან მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტის შესრულებაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • პროექტები უნდა იყოს განხორციელებული Design-Build (DB) ან EPC ფორმატში, რაც აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის პროცესს;
  • პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მწარმოებლებთან პარტნიორობის გამოცდილება (მაგალითად, Doppelmayr, Leitner, Poma და სხვ.);
  • საჭიროა წარადგინოს ინფორმაცია ფინანსური სტაბილურობის შესახებ – ბოლო სამი წლის აუდიტირებული ბალანსი და საბანკო გარანტიის შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები