მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ფერმერი ქალბატონის ბიოპლანტაცია კვლავ საფრთხეშია

5bd327e2888c5
მაია ბიწაძე
26.10.18 21:00
833
ამხანაგობა "ქართული კენკრა" მათი კუთვნილი პლანტაციების მიმდებარედ ნიადაგის ნიმუშებს საერთაშორისო ლაბორატორიაში შეამოწმებს, ამის შესახებ Bm.ge-ს ამხანაგობის "ქართული კენკრა" დააფუძნებელმა, თეა ქუთათელაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ნიადაგის ანალიზი ორჯერ ჩატარდება: მანამდე, ვიდრე მათი ბიოპლანტაციის მახლობლად გზას გაიყვანენ და შემდეგ, როდესაც ეს გზა ექსპლუატაციაში შევა. თუ ნიადაგში დაბინძურება აღმოჩნდება, "ქართული კენკრა" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლებს და ზარალის კომპენსაციას მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ სამი ფერმერი ქალის პრობლემა, რომლებმაც მარნეულში კენკრის ბიობლანტაცია გააშენეს, კვლავ გადაუჭრელია. გზა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ააშენებს, მათ ბიო პლანტაციასთან ახლოს გაივლის, რაც მისი დაბინძურების საფრთხეს ქმნის.


"ერთადერთი რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ, არის ის, რომ გზა ჩვენი მეურნეობიდან 61 მეტრის დაშორებით გადაწიეს და ეს შედეგიც მსოფლიო ბანკის დახმარებით მივიღეთ. მანამდე გზა პირდაპირ ფერმაში შედიოდა და ნახევარ ჰექტარ მიწას გვაჭრიდა. არანაირი ზარალის ანაზრაურებაზე და ადგილმონაცვლეობაზე საუბარი არ არის" - აცხადებს თეა ქუთათელაძე.

მისივე განმარტებით, ამის შემდეგ "ქართული კენკრის" დამფუძნებლებმა საავტომობიო გზების დეპარტამენტს ე.წ დამცავი კედლის და რვაზოლიანი ქარსაცავის გაკეთება მოსთხოვეს, რაც მათ ბაღებს მანქანების გამონაბოლქვისა და მტვრისგან დაიცავდა, თუმცა ამაზეც უარი მიიღეს. ფერმერებმა დახმარებისთის ისევ მსოფლიო ბანკს მიმართეს.

"სამი კვირის წინ შევხვდით მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს მერსი ტემბონს, მოიყვანეს ექსპერტები და მათ ასეთი რჩევა მოგვცეს, რომ ეხლავე ავიღოთ ნიადაგის ანალიზი მძიმე მეტალებზე და შემდეგ, როდესაც გზის მშენებლობა დასრულდება, იგივე ანალიზი გავიმეოროთ. თუ შედარების დროს ცვლილება აღმოჩნდება, ჩვენ მოვთხოვთ გზების დეპარტამენტს ზარალის ანაზრაურებას. ამჟამად დაკავებული ვართ ლაბორატორიის შერჩევით, ნიადაგის ნიმუშს DHL-ით გავგზავნით. აღნიშნული გზის მშენებლობის პროექტს თან ერთვის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, სადაც წერია, რომ 61 მეტრიანი დაშორების შემთხვევაში ჩვენს ბიობაღებს საფრთხე არ ელის. ვიმედოვნებთ, რომ ეს მართლაც ასე იქნება... " - განაცხადა თა ქუთათელაძემ.

"ქართული კენკრის" ბიო პლანტაცია მარნეულში, სოფელ "ახლომამუდლოში" 7 ჰექტარ ფართზეა გაშენებული. იქ სამი ჯიშის ჟოლო და ორი ჯიშის მაყვალი მოჰყავთ. ფერმერებმა წელს პირველი მოსავალი, ე.წ ნიშანი მიიღეს. 2020 წელს ფერმა სრულ მსხმოიარობაში შევა და ფერმერებს 70 ტონამდე ჟოლოს და 140 ტონამდე მაყვლის მოსავალს მისცემს.

პლანტაციაში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული. მათ შორის პროექტი რამდენიმე სამთავრობო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები