ფინანსთა მინისტრის 31 მაისს გამოცემული ბრძანების შესახებ, რომლითაც "ოქროს სიის" წევრი 218 კომპანიისთვის გადასახადების გადახდის 30–დღიანი შეღავათი გაუქმდა და 5 დღემდე შემცირდა, ინფორმირებული არათუ ცალკეული ბიზნესები, არამედ არც ასოციაციები ყოფილან.
მიხეილ ჭელიძე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციას ხელმძღვანელობს, ფინანსთა სამინისტროს მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით BM.GE–სთან იმ სამ გარემოებას ასახელებს, რის გამოც მინისტრმა კომპანიებს შეღავათები გაუუქმა.
"სამი გარემოება გამოიკვეთა. პირველი – მივდივართ ევრორეგულაციისკენ, სადაც ასეთი შეღავათები არ არსებობს, ყველასთვის ერთი ვადა არის დაწესებული. მთავარი თემა ეს იყო, თუმცა შეიძლებოდა ეს ცვლილებები მოგვიანებით ამოქმედებულიყო, რადგან 2019 წელი ბიზნესისთვის საკმაოდ რთული წელია. ბევრი რეგულაცია შემოვდა, მათ შორის, საპენსიო შენატანების ვალდებულება, საბანკო რეგულაციები და ა.შ. რეალურად მეწარმეს ფული არ ეკარგება, მაგრამ არის საუბარი, რომ მათ დროზე ადრე "ქეში" ფული დასჭირდებათ, რაც პრობლემაა.
მეორე გარემოება ის არის, რაშიც ვეთანხები, რომ თანაბარ პირობებში იყოს ყველა იმპორტიორი. ვიღაცას 5 დღეში აწვება ეს წნეხი, ვიღაცას 30 დღეში, რაც არათანაბარ პირობებს ქმნიდა.
მესამეა დღგ-ის დაბრუნება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აქტუალური გახდა. ამ ნაწილში გარკვეული რისკები დაინახა შემოსავლების სამსახურმა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოტივატორი, რის გამოც პირობები ყველას გაუთანაბრეს", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.
ჭელიძის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო "ოქროს სიის" გაუქმებას 2021 წელს სრულად აპირებს.
ამ შემთხვევაში გაუქმდა მხოლოდ 30–დღიანი საშეღავათო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება გამარტივებულ პროცედურებს, ის კვლავ ნარჩუნდება სიის წევრი 218 კომპანიისთვის.
ჭელიძე ამბობს, რომ სანამ ბიზნესები ახალ რეალობაზე გადაეწყობიან, მათ პირველ ეტაპზე საბანკო სესხებით სარგებლობა მოუწევთ.
"საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე 30 დღეში ასწრებდი პროდუქციის გაყიდვას და იხდიდი დღგ-ს, ახლა 5 დღეში ვერ მოასწრებენ და ფულის დეფიციტი შეიძლება შეექმნათ. შემდეგ მოემზადებიან, თუმცა საწყის ეტაპზე ეს ბიზნესს რა თქმა უნდა დაარტყამს", - განმარტავს მიხეილ ჭელიძე.

























