მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი რეიტინგი, რომლითაც პრემიერმა დღეს თავი მოიწონა: ტყუილი თუ მართალი?

62cc1d4462a6f
მარიამ ვარადაშვილი
11.07.22 16:57
2067
„გლობალური მშვიდობის ინდექსი”, “ღია ბიუჯეტის ინდექსი” და „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“ - ამ სამ საერთაშორისო ინდექსში საქართველოს პოზიციით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონა თავი.



ირაკლი ღარიბაშვილი: “გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი”.

ირაკლი ღარიბაშვილი: “ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა; ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის”.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით კი საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“.

BMG-მ პრემიერის აღნიშნული განცხადებები გადაამოწმა და სამივე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინდექსები არც ისე ახალია, ამ რეიტინგებიდან ზოგიერთში საქართველოს პოზიციით ირაკლი ღარიბაშვილმა ერთხელ უკვე მოიწონა თავი, ზოგიერთი კი საერთოდაც, საერთაშორისო ინდექსების ერთ-ერთი ქვეკომპონენტია.

მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსი მაისის ბოლოს გამოქვეყნდა და ამის შესახებ პრემიერმა 22 ივნისს, პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.
 
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები „კეთილდღეობის ინდექსი“ სინამდვილეში არის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ქვეკომპონენტია. ზოგად ინდექსში კი, 2022 წელს საქართველო მკვეთრად - 14 ადგილით ჩამოქვეითდა. აღსანიშნია ისიც, რომ ეკონომიკური თავიუფლების ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გამოქვეყნდა. 

რაც შეეხება „გლობალური მშვიდობის ინდექსს", ის ივნისში გამოქვეყნდა და მართალია, როგორც პრემიერიც ამბობს,  საქართველოს პოზიცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ზოგად რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 95-ე პოზიციაზეა და აღსანიშნია ისიც, რომ შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ცხრა პოზიცია დაკარგა. 2021 წელს ქვეყანა მოცემულ იდნექსში 89-ე ადგილას იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები