„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექს მატუას აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმირება ნებისმიერი ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გერმანული ბანკის გენერალურმა დირექტორმა სასამართლო სისტემაში რეფორმის საჭიროებასთან ერთად, კიდევ ორი საკითხი დაასახელა, რომელსაც მისი აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას.
„პირველი: სასამართლო გარემო - ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტორისთვის. ჩვენი ინვესტორები, დამფუძნებლები გერმანელები არიან და არა მარტო ისინი, არამედ ყველა - მცირე თუ საშუალო ბიზნესი, რომელსაც რაღაც სამართლებრივი დავა აქვს, განხილვის პროცესით და კომპეტენციით არის უკმაყოფილო. ის უნდა გახდეს უფრო სწრაფი და საქმეები კომპეტენტურად უნდა იქნას განხილული. მართალია, პლატფორმაც გვაქვს, სადაც პრობლემებს ვაწვდით და რეაგირებებიც ხდება, მაგრამ ჯამში, ეს უნდა შეიცვალოს და წერტილი დაესვას, თუ გვინდა, კარგი ბიზნეს გარემო გვქონდეს.
მეორე: რეფორმები განათლების სისტემაში - ხშირად არის საუბარი ვინ უნდა გააკეთოს - მთავრობამ? განათლების სამინისტრომ? ბიზნესმა? ვფიქრობ, ამ საქმეში ყველამ თავისი აგური უნდა დადოს - ჩვენ როგორც ბანკმა, ასევე, მთავრობამ, მედიამ, დანარჩენმა ბიზნესებმა და ა.შ. მაშინ, როდესაც უმუშევრობის თითქმის 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში, ზოგიერთ ბიზნესებს დასაქმების 40%-იანი პრობლემა აქვთ ანუ კადრებს ეძებენ და ვერ პოულობენ... განათლების სისტემის რეფორმირება და არსებული გამოწვევების მოგვარება თუ გახდება პრიორიტეტი, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის ზრდაზე, ბიზნესგარემოზე, ინვესტიციების შემოდინებაზე...
მესამე: ქვეყანაში „ჩრდილოვან ეკონომიკას“ უნდა დაესვას წერტილი“, - განაცხადა ალექსი მატუამ და იქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხები „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ 25-წლიანი გამოცდილების და პარტნიორი ბიზნესების საჭიროებების გათვალისწინებით გამოყო.
ალექს მატუა ფიქრობს, რომ ამ სამი საკითხის მოგვარება ქვეყანაში მეტი ინვესტიციის შემოდინებას შეუწყობს ხელს.