მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი სარგებელი, რასაც ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანა Eagle Hills-ის პროექტიდან მიიღებს

Eagle Hills-მა თბილისში საპრეზენტაციო ცენტრი გახსნა

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე Eagle Hills-ის პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა.

„პირველია პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მლრდ ლარი. მეორეა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მონაცემებით ვისაუბროთ, რომ მშენებლობის პროცესში 24,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში.

მას მერე, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი 8,000 სამუშაო ადგილი გაჩნდება, მათ შორის, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ნახონ.

მესამე, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი - ბიუჯეტში შემოსავალი ორი არხით შევა. დაახლოებით 500 მლნ ლარს ბიუჯეტი უშუალოდ გადასახადების სახით მიიღებს.

ამასთან, სახელმწიფო არის პროექტის თანაპარტნიორი - სახელმწიფო ერთობლივ საწარმოში 33%-ის წილის მფლობელია და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად ასეთი ღირებული პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33%-ის ეკვივალენტის შემოსავალს. ათი წლის განმავლობაში, ეს არის 2 მლრდ ლარი, რაც საშუალოდ წელიწადში 200 მლნ ლარი გამოდის,“ - განაცხადა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ქვრივიშვილმა.

"ქართული ოცნების" მინისტრი ირწმუნება, რომ საწყის ეტაპზე სარგებელი, რასაც საქართველო Eagle Hills-ის პროექტებიდან მიიღებს არის 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში.

დეველოპერული კომპანია EAGLE HILLS-ი საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები