მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი. დოკუმენტის მიხედვით, რომლის ავთენტურობასაც პროკურატურა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ტელეკომპანია "პირველზეც" არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, გიორგი გახარია მოითხოვს, რომ ტელეკომპანია "პირველმა" საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.
დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები;
ყველანაირი წინაპირობების გარეშე:
-
უახლოეს 5 დღეში TV 1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)
-
მამუკა ხაზარაძემ (მ.ხ.-მ) უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, რომ მათ მსგავსი პოზიცია გაატარონ. გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)
-
არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები, ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

























