ჩინეთის სამი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, შარშანდელთან შედარებით, უფრო დიდ ზარალს ელოდება; ეს ძირითადად ირანის ომის გამო საწვავზე ფასების ზრდითაა განპირობებული.
14 ივლისს ჰონგ-კონგისა და შანხაის საფონდო ბირჟებზე წარდგენილ განაცხადებში China Southern Airlines-მა, Air China-მ და China Eastern Airlines-მა მოსალოდნელი შუალედური ზარალის შესახებ განაცხადეს, რაც ჯამში 7.37 მილიარდიდან 8.97 მილიარდ იუანამდე (1.09 მილიარდიდან 1.33 მილიარდ დოლარამდე) მერყეობს.
ეს მონაცემები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს, შარშან ამ კომაპნიების ჯამურმა წმინდა ზარალმა 4.86 მილიარდი იუანი შეადგინა. მეორე კვარტალში კი მათმა ერთობლივმა ზარალმა 13.8 მილიარდ იუანამდე მიაღწია.
ეს ვარდნა ფიქსირდება იმის მიუხედავად, რომ ჩინურ ავიაკომპანიებს ომის პირობებთან გასამკლავებლად გარკვეული უპირატესობები ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, რამაც გლობალური ენერგოვაჭრობა და ახლო აღმოსავლეთის საავიაციო ჰაბების მუშაობა შეაფერხა, ჩინურმა გადამზიდავებმა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ევროპის მიმართულებით ათასობით რეისი დაამატეს. ამაში მათ ხელი რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით უფრო მოკლე, პირდაპირი მარშრუტებით ფრენის შესაძლებლობამ შეუწყო.
მიუხედავად ამისა, სამივე უმსხვილესი ავიაკომპანია - რომლებიც ჩინეთის ცენტრალური მთავრობის მიერ პირდაპირ კონტროლირებად ერთეულებს წარმოადგენენ - ხარჯების ტვირთმა დააზარალა.
China Southern Airlines-მა სამეულში ყველაზე დიდი ზარალი დააფიქსირა: პირველი ნახევრისთვის 3.97 მილიარდ იუანამდე, ხოლო მეორე კვარტალში - 5.45 მილიარდ იუანამდე.
მიუხედავად იმისა, რომ გუანჯოუში ბაზირებული ავიაკომპანია შარშან ერთადერთი იყო დიდ სამეულში, რომელმაც წლიური მოგება (857 მილიონი იუანი) დააფიქსირა, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებისა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
თავის მხრივ, Air China-ში განაცხადეს, რომ კომპანიის პირველი ნახევრის სავარაუდო წმინდა ზარალმა 2.6 მილიარდ იუანამდე შეადგინა. პირველ კვარტალში მან 1.71 იუანის წმინდა მოგება დააფიქსირა, თუმცა მეორე კვარტალში მისი წმინდა ზარალი 4.31 მილიარდ იუანამდე დაეცა.
პეკინში ბაზირებულმა ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა წარუმატებლობა ასევე ნავთობის ბაზარს დააბრალა.
China Eastern-ში კი აცხადებენ, რომ მათი პირველი ნახევრის წმინდა ზარალი 2.4 მილიარდ იუანამდე იქნება, მას შემდეგ, რაც მეორე კვარტალში კომპანიამ სავარაუდოდ 4 მილიარდ იუანზე მეტი დაკარგა.
კოლეგების მსგავსად, China Eastern-ის წარმომადგენელმაც საწვავის მზარდ ფასებზე მიუთითა, რომლებმაც, მისი თქმით, სერიოზული გამოწვევები შეუქმნა საავიაციო ინდუსტრიას.
ოთხშაბათს HSBC-ის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კვლევების გლობალურმა ხელმძღვანელმა პარაშ ჯაინმა აღნიშნა, რომ სამი უმსხვილესი ავიაკომპანიის ზარალი "კიდევ უფრო სერიოზული იქნებოდა", რომ არა იუანთან მიმართებით აშშ დოლარის გაუფასურებისგან მიღებული სარგებელი. HSBC-ის მოდელზე დაფუძნებული მისი შეფასებით, სამმა გადამზიდავმა მხოლოდ მეორე კვარტალში 1.2 მილიარდი იუანის მოგება სავალუტო კურსის სხვაობით მიიღო.
ავიაკომპანიების ხარჯები, მათ შორის საწვავი და თვითმფრინავები, როგორც წესი, დოლარშია ნომინირებული.




























