"პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ავღმოჩნდით სამინისტროებს შორის დისკომუნიკაციის შედეგია“ - ამის შესახებ ,,ამხანაგობა ქართული კენკრას“ თანადამფუძნებელმა თეა ქუთათელაძემ, გადაცემაში "ქალების ნარატი" განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სამი ფერმერი ქალის კუთვნილ ბიო პლანტაციას განადგურების საფრთხე შეექმნა, რადგან იქ საავტომობილო გზის მშენებლობა დაიგეგმა, რის შესახებაც მათთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ფერმერ ქალბატონებთან შეხვედრა შედგა და მათ საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირიანი ვადა სთხოვეს.
"როდესაც ამხელა, სახელმწიფო მნიშვნელობის გზა კეთდება, ეს ხომ ვერ დაიგეგმებოდა ერთ, ან ორ თვეში, მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა, მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. რატომ არ იყო კომუნიკაცია სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის? როდესაც გზა იგეგმება, ის უკვე გაწერილია ხომ კონკრეტულ ნაკვეთბზე, მათ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია და არ უნდა მომხდარიყო დაფინანსება ისეთი პროექტების, როგორიცაა "დანერგე მომავალი“ და "აწარმოე საქართველოში". ჩვენ ამ პროექტებიდან საკმაოდ დიდი დაფინანსება მივიღეთ, რაც მთლიანად წყალში იყრება, ანუ ისევ ხალხის ფული დაიხარჯა, ჩემი და თქვენი შვილების ფული", - განაცხადა თეა ქუთათელაძემ.
როგორც ფერმერი ქალბატონი აცხადებს, სამინისტროსგან ერთ კვირაში კონკრეტულ პასუხს ელიან და თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას არ შეწყვეტენ.
"ის რომ სამინისტრო გამოგვეხმაურა ჩვენთვის პოზიტიური იმპულსია, დაველოდოთ რა მოხდება ერთ კვირაში. ჩვენი მოთხოვნაა, ან გზა უნდა გადაიწიოს მკვეთრად ჩვენი ტერიტორიიდან, ან უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა. ეს ძალიან მტკივნეული იქნება ჩვენთვის, რადგან რაც არ უნდა აგვინაზღაურონ და მიწა შეგვიძინონ, მინიმუმ ორი წელი უნდა ამ საქმის თავიდან აწყობას; ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევდივართ სახელმწიფოს მდგომარეობაში, რადგან ეს მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ ჩვენი უფლებებიც უნდა იყოს დაცული. მოვითხოვთ ბიზნესის მინიმუმ ერთი წლის ზარალის ანაზღაურებას, რადგან ეს მცენარეა, ეს არ არის ნივთი, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანოთ, თავიდან უნდა მოხდეს პლანტაციის გაშენება, ისიც არ ვიცით, ეს ნერგი გადატანის შემთხვევაში გაიხარებს თუ არა, ასე რომ ძალიან ბევრი დეტალია განსახილველი“ - განაცხადა ფერმერმა.

























