სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ინვაზიური მწერის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გააქტიურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მავნებლის წინააღმდეგ ტაქტიკა - "მოიზიდე და გაანადგურე" გამოიყენება.
"მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დღეის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და ფოთში დამონტაჟა 8 000 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური. სადგურების მონტაჟი გრძელდება მუნიციპალიტეტებში და ლოკალურ ტერიოტორიებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა ხორციელდება.
ამ ეტაპზე, გურიის რეგიონში, დამონტაჟდა 5 000 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობსჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
აჭარაში დამონტაჟდა 5 000 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური. ცივი შეესხურების წამლობა დღეის მდგომარეობით, ხორციელდება ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
იმერეთის რეგიონში დამონტაჟდა 15 550 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, ქუთაისში, ვანის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს ბაღდათის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული, ეტაპობრივად ხორციელდება ცივი შესხურების მეთოდით წამლობა.
ღონისძიებების პარალელურად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ, საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების მექანიკურ მეთოდებს აცნობენ. ადგილობრივები, ჯგუფის წევრებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























