ფინანსთა სამინისტრო ,,ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის წარდგენას ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტთან ერთად გეგმავს, ამის შესახებ საუბარია 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტრო, სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად, ამ ეტაპზე მის დახვეწაზე მუშაობს, ასევე მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ანგარიშების განხილვაც. ,,რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების ანალიზს, ფისკალური რისკების დოკუმენტში, ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი წარმოდგენა, ვინაიდან მაღალი ბრუნვების მქონე სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მდგომარეობის აუდირებული ანგარიშების მიღება ხდება ოქტომბრის ბოლოს.“-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების აღრიცხვა და მათი რისკიანობის შეფასების საკითხი აუდიტის სამსახურმა დააყენა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად დოკუმენტზე გამოქვეყნებულ დასკვნაში. უწყებაში განაცხადეს, რომ ასეთი საწარმოების გაკოტრების, ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფოს უწევს, ამიტომაც მისი ანალიზი, ფისკალური რისკების ეფექტურად მართვისთვის არის აუცილებელი. დოკუმენტში კონკრეტული მაგალითიცა დასახელდა, კერძოდ შპს ,,მექანიზატორი“, რომლის 142 მილიონიანი სასესხო და სალიზინგო ვალდებულებები, 2012-17 წლებში ბიუჯეტმა გადაიხადა. აუდიტის სამსახური უკმაყოფილება გამოხატაა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი არ ახლავს თან.