მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო ჰესების მშენებლობაზე: საჭიროა ტემპების მომატება

59d4884051a13
BM.GE
04.10.17 11:04
947
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის მიზეზებს ხსნის. როგორც მან "საქმის კურსს" განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში მოხმარების მაჩვენებლები საშუალოდ 4-5%-ით იზრდება, რაც თავის მხრივ, მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე უფრო მეტ დამოკიდებულებას განაპირობებს.

"ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საზოგადოებაში გადახდისუნარიანობის მატებაზე მიუთითებს, რაც პოზიტიურია, თუმცა ამის პარალელურად გაზრდილია სხვა ქვეყნების ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების ხარისხი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები და გავაძლიეროთ გენერაციის ობიექტების მშენებლობა, გვაქვს პროექტები, მიმდინარეობს მშენებლობები, მაგრამ მეტი ინტენსივობით არის საჭირო მშენებლობა", - განაცხადა შარიქაძემ.

მისივე თქმით, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტია.

"ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობებია - არასამთავრობოები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სადგურების მშენებლობას. ჩვენი პოზიცია ასეთია - რაც შეიძლება მეტი უნდა ავაშენოთ, ეფექტურად, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით. ბოლო 5 წლის განმავლობაში 800-მდე მეგავატი სიმძლავრის გენერაციის ობიექტები შევიდა ექსპლოატაციაში და მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ტემპების მომატება. „ნამახვანი ჰესის“ პროექტი დაძრულია და უკვე მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკებები. დასრულების სტადიაშია ცხენისწყლის კასკადის პროექტი. მდინარე ხელედულაზე დაიწყო დაახლოებით 50 მგვტ-იანი სადგურის მშენებლობის პროცესი და ა.შ", - განმარტა შარიქაძემ.

განახლებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს 2016 წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 69%-ით მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები