2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.
როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა bm.ge-ის განუცხადა, ბიზნესის ნაწილის მხრიდან გადავადებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა აკრძალვის თარიღი არ გადავადდება.
„კონსულტაციები ამ ეტაპზეც მიდინარეობს. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყობა ვერ მოასწრეს და ითხოვენ დამატებით დროს. ეს დრო ზოგიერთისთვის 2 წლით განისაზღვრება და 2 წელი რომ არ მივიღოთ კანონი, გამოდის რომ გაურკვეველი ვადით უარს ვამბობთ მის მიღებაზე და ასე არ გამოვა. ჩემი ინფორმაციით, ეს თარიღი აღარ გადაიწევს და 1 აპრილიდან სრულად ამოქმედდება.
არანაირი ტიპის შეფერხებას შემოტანასთან დაკავშირებითადგილი არ ექნება. საერთაშორისო კომპანიები უზრუნველყოფენ ქვეყანაში შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების შემოტანას. ასევე იმედს ვიქონიებთ, რომ მალე ადგილობრივი მწარმოებლები შეძლებენ ბაზრისთვის ამ ხარისხის პარკების მიწოდებას“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.
პოლიეთილენის პარკების ეტაპობრივი აკრძალვა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაციაა აკრძალული.

























