პირველი-მეექვსე კლასის ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს დამხმარე ვებ-გვერდი უნდა ახლდეს, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება. გრიფირების წესის დეტალებზე დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და საზოგადოების ფართო ფენას, მათ შორის მშობლებს, საჯარო განხილვაში ჩართულობისკენ მოუწოდა. საჯარო განხილვა ელექტრონულ პორტალზე grifireba.emis.ge - ზე მოხდება.
„იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, იყოს შესაბამისობაში ასაკობრივ სპეციფიკასთან, მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის არსებითი გადამუშავება. შესაბამისად, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და თავად შეფასების სისტემაც. გრიფირებაში ჩართული ყველა მონაწილე გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებთან, ასევე შემფასებელთა ჯგუფებთან და პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალთან. გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებზე და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ დამხმარე ვებგვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება” - განაცხადა თემურ მურღულიამ.
პორტალზე შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველას აქვს საშუალება დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და საკუთარი მოსაზრება მიაწოდოს როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს.

























