თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი უწყებების ტენდერებზე შეზღუდვების დაწესებას მიესალმება. როგორც bm.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, თუკი შეზრუდვებზე საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და კანონში ცვლილებებს შეიტანს, უწყება მას აღასრულებს.
"ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ წინადადებების შეჯერების პროცესში, ვფიქრობთ დაიწყება სამუშაო შეხვედრები და საბოლოო კონსენსუსამდე მივალთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარლამენტის მიერ და კანონში ცვლილებები შევა, მას გავიზიარებთ და შევასრულებთ კანონის მოთხოვნებს", - განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო თოლორდავამ. თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს შექმნილი არ არის.
სტუდია “მონიტორმა” ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის ეს კომპანია იმარჯვებდა. „მონიტორის“ ცნობით, დევრიშაძემ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო.