ჯანდაცვის სამინისტრომ ILO-ს წარმომადგენლებთან ერთად უმუშევრობის დაზღვევის განვითარების პერსპექტივები განიხილა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში, დასაქმებულთა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და სოციალური რისკების დაზღვევისთვის, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში საკითხზე მსჯელობის დაწყებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია დროულად გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამარ სურმავა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, BM.GE-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა აღინიშნა, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.
"პოზიტიურად ვაფასებთ სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერებულ მოსაზრებას უმუშევრობის დაზღვევასთან დაკავშირებით რეგულაციების შემუშავებაზე. იყო საუბარი, რომ მნიშვნელოვანია და სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯებს შესაბამისი რეგულაციების შემუშავების მიზნით.
პროფკავშირების გაერთიანებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ უკვე წლებია, ვითხოვთ უმუშევრობის დაზღვევაზე და უმუშევრობის შემწეობასთან დაკავშირებით შესაბამისი პოლიტიკის მიღებას და აღვნიშნეთ აუცილებლობა, რომ დროულად მოხდეს ამ საკითხების დაძვრა.
ამ ეტაპზე, არ ყოფილა საუბარი კონკრეტულ მოდელზე. როგორც აღინიშნა სამინისტროს მხრიდან, ეს იყო პირველი ამ ფორმატის შეხვედრა, იმისთვის, რომ დაიწყოს ეფექტური მუშაობა",- ამბობს თამარ სურმავა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უმუშევრობის შემწეობის საკითხის დარეგულირებაც, თუმცა ამჟამად სამინისტროს მხოლოდ უმუშევრობის დაზღვევაზე ჰქონდა აქცენტი.
"ჩვენი მხრიდან დავაყენეთ საკითხი, რომ უმუშევრობის დაზღვევა ვერ ფარავს გარკვეულ კატეგორიას, თავისი არსიდან გამომდინარე. ამიტომ, დაზღვევასთან ერთად, უმუშევრობის შემწეობის საკითხიც უნდა იქნეს განსაზღვრული. თუმცა შეხვედრაზე სამინისტროს მხრიდან იყო ძირითადად საუბარი უმუშევრობის დაზღვევასთან მიმართებით",- აცხადებს თამარ სურმავა.
ცნობისთვის, მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებაზე 2021 წელს საუბრობდა. მაშინ აცხადებდნენ, რომ დაზღვევის ახალი კომპონენტის შემოღება ახალი სოციალური კოდექსის ფარგლებში იგეგმებოდა. თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება მაშინ არ მიუღიათ.



























