საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საწარმოს ინვესტორია შპს "ფაზის ოილი". იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები - მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ სოკარმა საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ფაქტი უარყო. "სოკარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპანიის გეგმებში არ შედის საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.

























