სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო უწყებებში სამივლინებო ხარჯების მართვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სამივლინებო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2023 წელს 94.3 მლნ ლარი შეადგინა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ავიაბილეთების შესყიდვის არაეფექტიანი პრაქტიკა სახელდება.
აუდიტმა გამოავლინა, რომ საჯარო სექტორში ავიაბილეთების შესყიდვა ხორციელდება არასისტემურად. თითოეული უწყება შესყიდვას ინდივიდუალურად აწარმოებს, რაც სახელმწიფოს ართმევს შესაძლებლობას, იყოს მსხვილი შემსყიდველი და ისარგებლოს მოცულობითი ფასდაკლებებით.
შესწავლილ 13 უწყებას შორის ხარჯების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საგარეო მივლინების ხარჯი 73.8 ათასი ლარიდან (2022 წ.) 304.7 ათას ლარამდე (2023 წ.) გაიზარდა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კი 2023 წელს ქვეყნის გარეთ მივლინებებზე 718.8 ათასი ლარი დახარჯა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია იმის დასაბუთება, არის თუ არა შერჩეული ავიაბილეთები ხარჯთეფექტური, რადგან არ არსებობს შესყიდვის ერთიანი სტანდარტი. ხშირ შემთხვევაში კი უწყებები ბილეთებს ყიდულობენ გაფრენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ცალკეულ შემთხვევებში კი ერთი დღით ადრეც, რაც ბილეთების ფასის ზრდას განაპირობებს, მაშინ როდესაც თავად მივლინებები გაცილებით უფრო ადრე იგეგმება და უწყებებს ბილეთის შესაძენად წესით უფრო მეტი დრო უნდა ჰქონდეთ.

ბილეთის შესყიდვის დრო აღნიშნავს გამგზავრებამდე რამდენი დღით ადრე მოხდა ბილეთის შეძენა
აუდიტის რეკომენდაცია:
აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განიხილოს ერთიანი ცენტრალიზებული მიდგომის შემუშავება. ეს ცვლილება საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაზოგოს.




























