მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტროები, რომელთა ხელმძღვანელობა ყველაზე ხშირად იცვლება

5b4c26c5ecc12
მეგი კავთუაშვილი
16.07.18 09:01
953
"ქართული ოცნების“ მთავრობაში ერთსადაიმავე თანამდებობაზე მყოფი ყველაზე ხანდაზმული მინისტრები დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი არიან. 2012 წლიდან დღემდე ისინი უცვლელად იკავებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებს.
მათგან განსხვავებით, 5.5 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, 4-ჯერ თავდაცვის მინისტრი, 5-ჯერ განათლების მინისტრი, ამდენჯერვე ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

ბიძინა ივანიშვილს პრემიერ მინისტრის თანამდებობა 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე ეკავა. შემდეგ თანამდებობა 2 წლით ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა, 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე, 2.5 წელი ქვეყანას გიორგი კვირიკაშვილი მართავდა. მიმდინარე წლის ივნისიდან კი პრემიერის თანამდებობას მამუკა ბახტაძე იკავებს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე ხშირად განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იცვლებიან.
განათლების მინისტრი 5-ჯერ შეიცვალა. გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიხეილ ჩხენკელის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა ამ თანანდებობაზე მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა. ყველაზე დიდხანს ამ თანამდებობას თამარ სანიკიძე იკავებდა.

ფინანსთა მინისტრი 4-ჯერ შეიცვალა. 2012 -2015 წლებში ამ თანამდებობას ნოდარ ხადური იკავებდა. შემდეგ ის დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა. 2017 წლის ბოლოს ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. ბახტაძის პრემიერ-მინისტრად გადაყვანის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ნიკოლოზ გაგუა ასრულებდა. ახალ მთავრობაში კი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლიდან დღემდე ოთხი პირი ხელმღვანელობდა, მათ შორის დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2-ჯერ დაინიშნა. 2012 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. შემდეგ თანამდებობა მისმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. 2016 წლის შემოდგომიდან 1 წლის განმავლობაში სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც უწყებაში კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდა. დროებითი მთავრობის პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას გიორგი ჩერქეზიშვილი ასრულებდა. ახალ მთავრობაში კი მინისტრის თანამდებობას გიორგი ქობულია დაიკავებს.

შინაგან საქმეთა სამინსტროს 2012 -2013 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი მემკვიდრე 2013-2015 წლებში ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა. შემდეგ წელიწადნახევრით პოსტი გიორგი მღებრიშვილმა ჩაიბარა. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა.

კიდევ ერთი უწყება, სადაც მინისტრები ხშირად იცვლებიან საგარეო საქმეთა სამინისტროა. 5.5 წელში მინისტრი 5-ჯერ შეიცვალა. 2012-2014 წლებში თანამდებობა მაია ფანჯიკიძიეს ეკავა. შემდეგ 6 თვის მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გახდა. 3 თვით ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა, 2015 -2018 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მიხეილ ჯანელიძეს ეკავა. ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანი წარმოადგენს.
2012 წლიდან დღემდე მეოთხე ადამიანი მართავს თავდაცვის სამინისტროსაც. 2012 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ალასანიამ დაიკავა. 2014 წელს ის მინდია ჯანელიძემ ჩაანაცვლა. 7 თვეში კი თანამდებობა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. წელიწადნახევარში, 2016 წლის 1 აგვისტოდან კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები