2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამინისტროების ბალანსზე 784 ერთეული ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხებოდა, რომელთა გამოყენება მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, ასეთ სამინისტროებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც კონტროლირებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩათვლით, ბალანსზე ერიცხება 233 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება და 40 ერთეული სასწავლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, რომელთა გამოყენება 2016 წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა. აღნიშნული ტექნიკის უმრავლესობა მოძველებულია და არ არის ექსპლუატაციაში მყოფი.
ასევე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 418 ერთეულ ავტომანქანაზე 2016 წლის განმავლობაში არანაირი ხარჯის გაწევა არ ფიქსირდება.
"საქმე იმაშია, რომ სატრანსპორტო სამმართველოს ბაზაზე თავს იყრის დიდი ოდენობით მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რომელთა დიდი ნაწილიც წლების მანძილზე ინახება და კიდევ უფრო კარგავს თავის ღირებულებას. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რესურსის იდენტიფიცირების, მათი საჭიროების განსაზღვრისა და შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული აქტივების ეფექტიანი მართვა-გამოყენება“, - წერია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

























