IDFI - ის კვლევის თანახმად სამინისტროების ოპტიმიზაციას ავტოპარკის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. IDFI-მ 2017 წლის თებერვალში სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაცია, ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ, 2018 წლის მაისის მდგომარეობით არსებული ავტოპარკის მონაცემებს შეადარა.
2017 წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა 17, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე - 87 ავტომობილი (ჯამში 104 ავტომობილი). სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 6-ით ნაკლები, 98 ავტომობილი. თუმცა, როგორც ცნობილია ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი გადაეცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია ინტიტუტს არ გააჩნია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატების ბალანსებზე 2017 წელს 60 ავტომობილი ირიცხებოდა, ხოლო სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ 52 ერთეული ავტომობილი.
როგორც IDFI - ის კვლევაში წერია, ავტოპარკის შემცირება უმეტესწილად სამინისტროების გაერთიანების შედეგად ისეთი თანამდებობის გაუქმებამ განაპირობა, რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სამინისტროების მაგალითზე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ავტოპარკის მოცულობა გარკვეულწილად შეამცირა, მის ოპტიმალურ ზომასთან დაკავშირებით კვლავ მნიშნელოვანი კითხვები არსებობს. ამასთან, ინსტიტუტი არ ფლობს ინფორმაციას სამინისტროების ბალანსიდან მოხსნილი ავტომობილების შემდგომი განკარგვის შესახებ.
IDFI იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერის მიერ დაპირებული ინიციატივები სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმალურ ნიშნულამდე დაყვანას უზრუნველყოფს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ინიციატივები სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით.