მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, 2017-2018 წლებში 1000-ზე მეტი კაცი გათავისუფლდა"

5bc1a01523463
თელარა გელანტია
13.10.18 11:33
827
2017-2018 წლებში განხორციელებული სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, საჯარო მოსამსახურეების რიცხვი, ჯამში, 1000-ზე მეტი კაცით შემცირდა.

ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილმა კი - სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაახლოებით, 1500 კაცით ნაკლები იმუშავებს. კერძოდ, 2018 წელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხვი 116 757-დან 113 613-მდე მცირდება.

„ბოლო ორ წელიწადში განხორციელებული სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, საჯარო მოსამსახურეების რიცხვი, ჯამში, 1000-ზე მეტი კაცით შემცირდა. დანარჩენი იყო ვაკანტური პოზიციები, სადაც არავინ დაინიშნა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ბიუჯეტს, რომელიც 1,413,619.1-დან 1,473,769.7 ლარამდე იზრდება, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში სახელფასო ბიუჯეტის გაზრდილი მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომლების ხელფასის ზრდამ განაპირობა.

„შრომის ანაზღაურების ნაწილში, სადაც თანხა გაზრდილია, არის დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების მატება. ეს არის განყოფილების უფროსებისა და უფრო დაბალი რანგის პოლიციელებისთვის ხელფასების მომატება დაახლოებით, 250 ლარით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მცირე მთავრობის კონცეფციის შედეგად, 2018 წელს დაზოგილ თანხებს, კაკაურიძის თქმით, ამ მხრივ დამატებითი ეკონომიის რესურსი ამ ეტაპზე არ არის.

„შრომის ანაზღაურების მხრივ, რაც გასულ წელს გაკეთდა, ამის მეტის გაკეთება შეუძლებელია. დღეს საჯარო სექტორში ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ იყო. ამიტომ აქ შემცირების დამატებითი რესურსი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები