საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო CHECK IN GEORGIA“-2017-ის ფარგლებში Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტებზე უცხოელების მიერ შეძენილ ბილეთების რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ BM.ge-ისთვის მოწოდებული პასუხებიდან ირკვევა.
საქმე იმაშია, რომ CHECK IN GEORGIA“-2017-თან დაკავშირებით, BM.ge-მ შპს „ბლქ სი არენა ჯორჯიას“ რამდენიმე კითხვა გაუგზავნა; მათ შორის 2 კითხვა ბილეთების რაოდენობას შეეხებოდა, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებისგან შემდეგი პასუხები მივიღეთ:
"- გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია (თითოეული კონცერტის/ღონისძიების მიხედვით) შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ ღონისძიებებზე/კონცერტებზე გაყიდული ბილეთების რაოდენობის და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხების შესახებ;
- აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ვებ პორტალს tkt.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვა.
- შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან რამდენი ბილეთი შეიძინეს საზღვარგარეთიდან? (გთხოვთ, გაყიდული ბილეთების რაოდენობა მომაწოდოთ ქვეყნების მიხედვითაც).
- ვინაიდან ბილეთები „ბლექ სი არენას“ პლატფორმიდან არ იყიდება, ასეთ დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ შეკითხვაზე ჩვენი მხარე არ ფლობს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პორტალს: tkt.ge."
ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული პასუხების შემდეგ, BM.ge-მ tkt.ge-ში დარეკა, სადაც განაცხადეს, რომ გაყიდულ ბილეთებსა და შემოსავლებზე ინფორმაციის გაცემის უფლება მათ არ ჰქონდათ.
„ბლექ სი არენა ჯორჯია“ იყო დამკვეთი და შესაბამისად, მათ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე გაყიდულ ბილეთებსა და შემოსავლებზე. ამდენად, აღნიშნული ინფორმაციის სხვა პირზე გაცემის უფლება არ გვაქვს“, - განაცხადეს tkt.ge-ში.
შეგახსენებთ: CHECK IN GEORGIA“-2017-ის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იყო, საიდანაც 12 მლნ უშუალოდ შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას“ გადაურიცხეს. 2017 წელს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შორისაა აეროსმიტის, ქეთი მელუას, „სუხიშვილების“, „ერისიონის“ და სხვა სულ 9 კონცერტი.

























