მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროს განცხადებით, კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საქართველოში იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატის მნიშვნელოვანი ნაწილი მშრალი ღვინის დასატკბობად და მისგან ნახევრად ტკბილი კატეგორიის ღვინის საწარმოებლად გამოიყენება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ყურძნის ტკბილის იმპორტის რეგულირება-სერტიფიცირებას ითვალისწინებს, რაზეც პასუხისმგებელი ღვინის ეროვნული სააგენტო იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ყურძნის ტკბილის ძირითადი იმპორტიორები სწორედ ღვინის კომპანიები არიან.

„დარგის განვითარებისათვის პრიორიტეტულია ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ზრდა. დღეისათვის, იმპორტირებული ყურძნის ტკბილის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მზარდია პროდუქტის იმპორტი, რაც ხელს უშლის ქართული წარმოების განვითარებას.

კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი გამოიყენება ღვინის ტიპის შესაცვლელად, მაგალითად, მშრალი ღვინის ბაზაზე ისეთი ღვინის საწარმოებლად, როგორებიცაა ნახევრად ტკბილი „ალაზნის ველი“, „ფიროსმანი“. დღეისათვის ქვეყანაში ამ ნედლეულის გამოყენებით მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქცია მზადდება, თუმცა არ ხორციელდება კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის აღრიცხვა ან/და სერტიფიცირება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სამინისტროს განმარტებით, იმპორტირებული კონცენტრატის როგორც ხარისხობრივი შემადგენლობის, ისე რაოდენობის კონტროლი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, აღრიცხოს ამ ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ზუსტი მოცულობა. ამასთან, სერტიფიცირების მექანიზმის შემოღება ნედლეულის ხარისხის კონტროლსაც უზრუნველყოფს.

ამ მიზნით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის იმპორტის დამატებით რეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ, 2026 წლის 1 დეკემბრიდან იმპორტისთვის განკუთვნილი კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის თითოეული პარტია სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. გამონაკლისი იქნება ის პარტიები, რომელთა შესაბამისობაც უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ან აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით არის დადასტურებული და ეს დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის აღიარებული.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებს დაემატება ღვინის კომპანიებში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევის აკრძალვა.

ყურძნის წვენის კონცენტრატის იმპორტი იზრდება

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ყურძნის კონცენტრირებული წვენის (შაქრის 30%-ზე მეტი შემცველობით) იმპორტმა 1 მლნ დოლარი და 760.9 ტონა შეადგინა.

შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში ამ კატეგორიის პროდუქტის იმპორტის ღირებულება 817.5 ათასი დოლარი, ხოლო მოცულობა 583.5 ტონა იყო. შესაბამისად, მხოლოდ 2026 წლის 10 თვეში იმპორტირებულმა რაოდენობამ 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს 30.4%-ით გადააჭარბა, ხოლო იმპორტის ღირებულებამ 23.2%-ით მოიმატა.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი მნიშვნელოვნად მერყეობდა. 2020 წელს ქვეყანაში 908.1 ტონა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც 1.252 მლნ დოლარი იყო. 2021 წელს იმპორტი 405 ტონამდე შემცირდა, 2022 წელს კი 580 ტონა შეადგინა. 2023 წელს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და 61.8 ტონა იყო, 2024 წელს კი 220.2 ტონამდე გაიზარდა.

ყურძნის წვენის კონცენტრატის იმპორტი:

წელი იმპორტის ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) იმპორტის მოცულობა (ტონა)
2020 1,252.30 908.1
2021 552.3 405
2022 830.8 580
2023 121 61.8
2024 354.6 220.2
2025 817.5 583.5
2026 წლის 10 თვე 1,007 760.9

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი უკრაინა იყო. ამ ქვეყნიდან საქართველოში 717.6 ტონა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 915.9 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, უკრაინაზე იმპორტის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 94.3% მოდიოდა.

მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ესპანეთი იყო, საიდანაც 23.9 ტონა პროდუქტი, 49.9 ათასი დოლარის ღირებულებით შემოვიდა. თურქეთიდან იმპორტმა 11.1 ტონა და 30.1 ათასი დოლარი შეადგინა. დანარჩენი მოცულობა გერმანიაზე, გაერთიანებულ სამეფოსა და ისრაელზე მოდიოდა.

ქვეყანა იმპორტის ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) იმპორტის მოცულობა (ტონა)
უკრაინა 915.9 717.6
ესპანეთი 49.9 23.9
თურქეთი 30.1 11.1
გერმანია 5.8 2.6
გაერთიანებული სამეფო 5 5.7
ისრაელი 0.3 0.1
ჯამი 1,007 760.9

"ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციების მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, ღვინის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის ამაღლებაა. ამასთან, სამინისტრო მიიჩნევს, რომ იმპორტირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის აღრიცხვა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად განსაზღვროს, რა რაოდენობის პროდუქცია იწარმოება ამ ნედლეულის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები