გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა. ის პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.
„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა, სეპარირება, შეგროვება და შემდეგ გადამუშავება, რესურსად გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცირკულარული, მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; შევიმუშავეთ პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები - ნარჩენების მართვის კოდექსი; ასევე, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ღირებულების შექმნას. დღევანდელი პროექტი მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩანაცვლდება ძვირად ღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - ქვანახშირი; ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციასთან ერთად, შემცირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევები.