სამკაულების ქართული ბრენდი BIZU საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება.
ბაზარზე ერთწლიანი ოპერირების მიუხედავად, კომპანიის თანადამფუძნებლის, ანუშკა ხაჩიძის განცხადებით, მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ კომპანიამ საექსპორტო გეგმები დააპრიორიტეტა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„გაყიდვები იმდენად სწრაფად დაიწყო და საერთაშორისო ბაზარზეც მოთხოვნა იმდენად სწრაფად გაჩნდა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით 2026 წელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას“, - ამბობს ანუშკა ხაჩიძე.
მისი თქმით, გასული წლის სექტემბრიდან გუნდი უკვე მუშაობს უცხოურ ბაზრებზე „პოპ-აპ“ სივრცეების გახსნაზე და ოფლაინ გაყიდვების დაწყებაზე. ბრენდმა უკვე მიიღო შეთავაზება ამერიკიდან, სადაც პარტნიორებს BIZU-ს სამკაულების განთავსება სურთ.
„შემოთავაზება, კალიფორნიის შტატიდან უკვე გვაქვს. ძალიან უნდათ, ჩვენი სამკაულები განათავსონ. მოთხოვნა დიდი იყო და იმის მტკიცება არ დაგვჭირდა, რომ მოთხოვნად პროდუქტს ვთავაზობდით“, - აცხადებს ხაჩიძე და დასძენს, რომ ბრენდი ევროპისა და ბრიტანეთის ბაზრებზე, ასევე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე შესვლას გეგმავს,
კომპანია ახალი ხაზების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს. მიმდინარე წელს უკვე ჩაეშვა „ნინელის“ საყურის ხაზი და ბეჭდების ოთხი ახალი ფერი. უახლოეს პერიოდში გაყიდვაში ჰოროსკოპის სამაჯურები - 12 ქვით და ასევე ბრენდის პირველი ყელსაბამი ჩაეშვება. „სულ მუდმივად ამ სიახლეებში ვართ და კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ“, - აღნიშნავს თანადამფუძნებელი.
ანუშკა ხაჩიძის თქმით, ბრენდმა თვითდაფინანსებაზე გადასვლა მალევე შეძლო და ახალი კოლექციები უკვე საკუთარი რესურსით იქმნება. თუმცა მისი შეფასებით, ზრდის პარალელურად მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა: „შეიძლება ბრენდს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თვეში სამჯერ ახალი ხაზი გამოუშვას, მაგრამ ამას მარკეტინგულმა აქტივობებმა ფეხი თუ არ აუწყო და თუ მომხმარებელმა არ გაიცნო ამ ბრენდის ხასიათი, შედეგი ვერ იქნება ისეთი“.
BIZU-ს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ფრანგულმა დიზაინმა ითამაშა. როგორც თანადამფუძნებელი ეთერში ამბობს, ბიზნესიდეა პარიზში გაჩნდა და ბრენდის მთავარ დიზაინერად ფრანგი სპეციალისტი დაინიშნა, რომელმაც პირველ წელს ყველა ხაზზე იმუშავა. კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიამ საქართველოში ფრანგული მინანქრის ტექნოლოგია დანერგა. „საქართველოში საერთოდ ვერავინ ფლობდა ფრანგულ მინანქარს. ჩვენ მოვახერხეთ, ჩამოვიტანეთ, ვასწავლეთ და საქართველოში გადმოვიტანეთ ეს ხელობა“, - ამბობს ანუშკა ხაჩიძე.
ამ ეტაპზე წარმოება ნაწილობრივ საქართველოში მიმდინარეობს და ახალი „ქენდისა“ და „ლულუს“ მოდელები უკვე ადგილობრივად იქმნება. „ვცდილობთ, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხითაც განვავითაროთ. რაც ხდება სხვა ქარხნებში, რატომაც არა - თავისუფლად შეუძლია საქართველოსაც, რომ თავის თავზე აიღოს“, - აღნიშნავს თანადამფუძნებელი.
ბრენდის სავიზიტო ბარათად რჩება „ქენდის“ ბეჭედი, რომელიც დღეს 15 ფერშია წარმოდგენილი, თუმცა განსაკუთრებული წარმატება ბრენდს „ლულუს“ სრულად მინანქრის ვერსიამ მოუტანა. როგორც ანუშკა ხაჩიძე ამბობს, „ბრენდი უკვე იმ საფეხურზეა, რომ თვითონ გვკარნახობს - რა სჭირდება და ჩვენც მივყვებით იმ გზას“.


























