მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამხედრო ლოგიკით რუსეთ-უკრაინის ომი 2-3 წელს კიდევ გაგრძელდება“ - ინაშვილი

ინაშვილი

სამხედრო ექსპერტის გიგა ინაშვილის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი სავარაუდოდ კიდევ 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ომი რუსეთის რესურსების ამოწურვამდე გაგრძელდება, რაც დასავლეთთაან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია.

„ომის დასრულების პოლიტიკური და სამხედრო ლოგიკა არსებობს. სამხედრო ლოგიკით ეს ომი ჯერ არ დასრულდება, არ დასრულდება იქამდე, ვიდრე რუსული რესურსები კრიტიკულ ზღვარზე არ მივა. ეს არის გაჭიანურებული, გრძელვადიანი ომი, სადაც ყოველი თვე, კვირა, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი ქვეყნებისთვისაც. ბევრად დიდ რესურსებია დასავლეთის მხარეს და ბევრად ნაკლები რუსეთის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ რუსეთს ამოუწურავი რესურსები აქვს, რადგან ნავთობის თუ სხვა ნედლეულის დიდი მარაგები აქვთ, მაგრამ ეს პირდაპირ არ ნიშნავს სამხედრო შესაძლებლობებს. მთავარია არსებული ნედლეულის დროის რა მონაკვეთში რა სამხედრო შესაძლებლობებად გარდაიქმნება ბრძოლის ველზე. კი რუსეთმა გარკვეული მიმართულებით ამოქაჩა ომის დაწყებიდან პირველი თვეებისგან განსხვავებით, მაგრამ იგივე საარტილერიო ჭურვების, ჯავშან-ტექნიკის წარმოების მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვთ. არის ტერმინი „კანიბალიზაცია,“ რაც გულისხმობს რამდენიმე მოძველებული კონსერვაციაზე მყოფი ჯავშან-ტექნიკიდან ერთის აწყობას, ამის ხარჯზე მუშაობს დღეს რუსეთი.

სამხედრო ლოგიკით ეს ომი რამდენიმე წელს კიდევ გაგრძელდება, 2-3 ან მეტიც. ბევრ წვრილმან დეტალზეა ეს დამოკიდებული. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს ცოტა სხვა რაღაცაა, მომენტალურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შემოატრიალოს მთლიანად სიტუაცია,“-განაცხადა ინაშვილმა.

14 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებული წინადადებები "არასერიოზულია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები