ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკისგან ეკონომიკის დაცვის მიზნით, სამხრეთ კორეის მთავრობამ საწვავის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ფასების ლიმიტირებასთან ერთად, მთავრობა დროებით აუქმებს საწვავზე არსებულ აქციზის გადასახადს, რაც ბიუჯეტისთვის დიდ დანაკარგს წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური სტაბილურობისთვის პრიორიტეტულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ნავთობის გლობალურ ბაზარზე ვითარება არ დასტაბილურდება. ხელისუფლება ასევე გეგმავს სტრატეგიული რეზერვების ეტაპობრივ გამოყენებას, რათა ბაზარზე მიწოდების დეფიციტი არ შეიქმნას და საწარმოო სექტორმა მუშაობა შეფერხების გარეშე გააგრძელოს.
საფასო ჭერს რაც შეეხება, ბენზინგასამართ სადგურებს კონკრეტულ ზღვარს მიღმა საწვავის გაძვირება არ შეეძლებათ, თუმცა მათ არც ზარალზე მოუწევთ პროდუქციის რეალიზაცია, რადგან თვითღირებულების მარჟას მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტით დააზღვევს. მარტივად რომ ვთქვათ, სამხრეთ კორეის მთავრობა საწვავს ასუბსიდირებს, რათა ქვეყანაში ინფლაციის დაჩქარება თავიდან აირიდოს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა ნავთობის იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოა, რომელიც ენერგეტიკულ რესურსებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული OPEC-ის წევრი სახელმწიფოებიდან ყიდულობს, საიდანაც ექსპორტი ამჟამად შეზღუდულია.




























