მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეიდან ექსპორტმა 40-წლიანი მაქსიმუმს მიაღწია - Reuters

კორეა

სამხრეთ კორეის ექსპორტი 2026 წლის მარტში, წლიურად 48.3%-ით გაიზარდა და 86.13 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

მონაცემები მნიშვნელოვნად აჭარბებს ეკონომისტების პროგნოზს, რომლებიც დაახლოებით 44.9%-იან ზრდას ელოდნენ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი თებერვლის 28.7%-იან მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად დაჩქარდა და 1988 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა.

ექსპორტის ზრდის მთავარ მამოძრავებლად ნახევარგამტარების (ჩიპების) სექტორი სახელდება - აღნიშნულმა მიმართულებამ წლიურად 151%-ზე მეტი ზრდა აჩვენა და 32.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ მიმართულებით მოთხოვნის ზრდა დიდწილად უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ბუმს, რომელიც მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნას მკვეთრად ზრდის და სერვერულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს აჩქარებს.

გეოგრაფიულ ჭრილში, სამხრეთ კორეიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითად ბაზრებზე: ჩინეთში - 64.2%-ით, აშშ-ში 47.1%-ით, ხოლო ევროკავშირში - 19.3%-ით.

რაც შეეხება იმპორტს, ოფიციალური მონაცემებით, იმპორტი 13.2%-ით გაიზარდა და 60.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირებითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეამ რეკორდული სავაჭრო პროფიციტი - 25.7 მილიარდი დოლარი დააფიქსირა.

ექსპერტების შეფასებით, ჩიპებზე ძლიერი გლობალური მოთხოვნა მოკლევადიან პერიოდში კორეიდან ექსპორტის ზრდას შეინარჩუნებს, თუმცა გეოპოლიტიკური ფაქტორები მომავალ პერსპექტივას უფრო გაურკვეველს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები