მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 3.25%-მდე გაზარდა და ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

კორეის ბანკი

მზარდი ინფლაციისა და ჩიპების გააქტიურებული ექსპორტის ფონზე, სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 3.25%-მდე გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის შვიდწევრიანმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო და Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზი გაამართლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რეგულატორმა განაკვეთი უკვე მესამედ ასწია. გამკაცრების ჯამურმა მაჩვენებელმა კი 75 საბაზისო პუნქტს მიაღწია.

Kyobo Securities-ის ანალიტიკოსი პეკ იუნ-მინი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების ფონზე BOK-ი 2027 წლის პირველ კვარტალში განაკვეთს კიდევ ერთხელ გაზრდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.3%-დან 3.9%-მდე გაზარდა, 2027 წლის მაჩვენებელი კი 2.9%-დან 4.1%-მდე დააკორექტირა.

მარეგულირებელმა 2027 წლის ინფლაციის პროგნოზსაც გადახედა და ის 2.3%-დან 2.4%-მდე გაზარდა. სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური ბანკის მმართველმა შინ ჰიუნ სონგმა განაცხადა, რომ ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ ნიშნულს მხოლოდ 2028 წელს დაუბრუნდება.

მისი განმარტებით, ფასების ზრდას ძირითადად მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარჯები და ძლიერი შიდა მოთხოვნა განაპირობებენ, პოლიტიკის გამკაცრებას კი გააქტიურებული უძრავი ქონების ბაზარი და ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეული სასაქონლო ზეწოლაც უწყობენ ხელს.

ცნობისთვის, 3.25%-იანი საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები