მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი: ICAO-ს წითელი ალამის და საქართველოს შავ სიაში მოხვედრის თემა მოგონილი იყო

57dc10e248e1e
BM.GE
17.09.16 17:10
1378
გასულ წელს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. "შავ სიაში" მოხვდა და დღის წესრიგში იდგა ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასულ წელსვე არ დაადასტურა. სააგენტოს განმარტებით, მართალია ICAO–ს ვებ-გვერდზე სხვა 13 ქვეყანას შორის, საქართველოს გასწვრივაც დასმულია სიმბოლო – წითელი დროშის სახით, თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ე.წ. "აკრძალული ქვეყნების" სიაში შეყვანის საკითხი არც კი გამხდარა ევროკომისიის ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტის განსჯის საგანი.

„ბიზნესკონტრაქტთან“ საუბარში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ჯალაღონია „წითელ ალამს“ და „შავ სიაში“ საქართველოს მოხვედრას მოგონილს უწოდებს, თუმცა არ მალავს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO-ს) ქართული ავიაციის მისამართით შენიშვნები ჰქონდა.

„წითელი ალამის თემა მოგონილი იყო. ეს იყო შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ, სააგენტოს წინააღდეგ. არავითარი შავი სია ICAO-ს არ გააჩნია. შავი სია დანერგილი აქვს ევროპას. შავ სიაში შესაძლოა მოხვდეს ქვეყანა, კომპანია ან თვითმფრინავი თუ ის ვერ ასრულებს იმ მოთხონებს, რასაც ევროპა აყენებს. თუ მათი მოთხოვნები ვერ შესრულდა ქვეყანას, კომპანიას ან თვითმფრინავს აეკრძალება ევროპაში შესვლა. იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენ გვქონდა შენიშვნა ICAO-ს მხრიდან, ჩვენ ამას არც ვმალავდით, მაგრამ ეს არ იყო შავი სია. დამისახელეთ ნებისმიერი, თუ ვინმეს აეკრძალა ფრენა ევროპაში. არ არსებობს ასეთი. ეს იყო შავი პიარი“-აცხადებს ჯალაღონია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული ICAO–ს აუდიტის შედეგებში, რომელიც მოიცავდა 2007–2013 წლების შემოწმების პერიოდს, დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს.

გურამ ჯალაღონიას თქმით, ყველა ხარვეზი, რაც ICAO-ს 2013 წლის აუდიტის ანგარიშში მოხვდა, გამოსწორებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები