სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. განცხადება HR.gov.ge-ზეა გამოქვეყნებული. კონკურსი გამარტივებული წესით ჩატარდება, განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 21 ნოემბერია.
სამოქალაქო ავიაციის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 7 800 ლარს შადგენს.
კონკურსის პირობების თანახმად კანდიდატი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
• უმაღლესი განათლება ავიაციის სფეროში
• არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება ავიაციის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კანდიდატი უნდა ფლობდეს:
• ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), მათ შორის ინგლისურ და რუსულ ენებზე
• მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
• პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა;
• ლიდერის პიროვნული თვისებები/ლიდერული უნარ-ჩვევები;
• საჯარო გამოსვლების უნარი, მასმედიასთან კარგი კომუნიკაციის უნარი.
როგორც Bm.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა, საკონკურსო პირობები მორგებულია კონკრეტულ კანდიდატზე, კერძოდ ლევან კარანაძეზე, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მუშაობს. ამჟამად სააგენტოს მისი ყოფილი ხელმძღვანელის, გურამ ჯალაღონიას მოადგილე ალეკო გაჩეჩილაძე მართავს, ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია.
შეგახსენებთ, რომ გურამ ჯალაღონიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
როგორც BM.ge-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, გურამ ჯალაღონია ამჟამად შვებულებაში იმყოფება, თანამდებობას ის ოფიციალურად 17 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს. თუ რა გახდა მისი გადადგომის მიზეზი, ამაზე სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.