მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიების პირდაპირი სამიზნე გახდნენ - ელჩი

ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანიების პირდაპირი სამიზნე გახდნენ. ამის შესახებ ელჩმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და CRRC-Georgia-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, სახელწოდებით „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები".

ელჩმა თავის გამოსვლაში მზარდ მტრულ გარემოზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობის მიმართ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში აღდგება რეფორმებისთვის ხელსაყრელი გარემო.

"დღეს, საქართველოს მომავლისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სამწუხაროდ, დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანიების პირდაპირი სამიზნე გახდნენ. მათი სივრცე შემცირდა სამართლებრივი თუ არასამართლებრივი ზომების ერთობლიობით. ამ გარემოში მიზანმიმართული ზედამხედველობა კიდევ უფრო გართულდა. ეს შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებასთან, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა გასულ კვირას განაცხადა, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადასვლის ნიშნები, რაც საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს.

როგორც ევროკავშირის ელჩი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი მოვლენები ხელს შეუწყობს მიზანმიმართული რეფორმებისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენას, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ეს სტანდარტებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, სანდო ინფორმაციისა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობა და ეფექტიანი დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის შეუფერხებელი ფუნქციონირება",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს და ამ მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

"დემოკრატიული ზედამხედველობა თანაბრად მნიშვნელოვანია ძლიერი და მედეგი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის. უნდა იყოს ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, დაწესდეს სამართლებრივი გარანტიები თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

სწორედ ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაზე ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმი ასევე იყო ჩართული როგორც საქართველოს მიერ შესასრულებელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას. უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხილვა და გაუმჯობესება აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლის გასაგრძელებლად. [ნაბიჯი 5 - საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე...]

მიუხედავად წარსულში ამ კუთხით გატარებული გარკვეული რეფორმებისა, ანგარიშები, რომლებიც დღეს იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტიანია",- თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები