თანამედროვე საქმიან სამყაროში, სადაც პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად სულ რამდენიმე წამი გვაქვს, ტანსაცმელი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გარდერობის ნაწილი - ის ჩვენი უსიტყვო რეზიუმე და პერსონალური ბრენდის ფუნდამენტია. იმ ფონზე, როდესაც ბაზარი მასობრივი წარმოების "სწრაფი მოდითაა" გაჯერებული, ნამდვილი ელეგანტურობა ინდივიდუალიზმსა და ხარისხში პოულობს თავის მნიშვნელობას.
Bespoke კულტურა ამ ყველაფერს საუკეთესოდ წარმოაჩენს - ეს არის მკერვალობის უმაღლესი საფეხური, რომელიც სამოსის სრულად ინდივიდუალურ შექმნას გულისხმობს. ამ დროს არ გამოიყენება არავითარი შაბლონი, თარგი კი ნულიდან, ექსკლუზიურად ერთი ადამიანის უნიკალური ანატომიის გათვალისწინებით იგება.
ქართულ ბაზარზე ამ კულტურის მთავარი წარმომადგენლები Blooms Tbilisi და Bespoke Tbilisi არიან - ბრენდები, რომლებმაც ევროპული მკერვალობის სტანდარტი ორ დამოუკიდებელ მიმართულებად: ქალისა და მამაკაცის პრემიუმ ხაზებად აქციეს.
როგორ იქმნება იდეალური კოსტიუმი მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების საყვარელი ქსოვილებით, რა განსხვავებაა მასობრივ წარმოებასა და პრემიუმ ხარისხს შორის და რატომ არის ინდივიდუალურად შექმნილი სამოსი საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ იმიჯში? ამ თემებზე ბრენდების დამფუძნებლები - ნინო დიასამიძე და თაკო ჩხეიძე საუბრობენ.
პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Blooms Tbilisi-სა და Bespoke Tbilisi-ს შექმნის იდეა? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ორივე მიმართულება - ქალისა და მამაკაცის საქმიანი ხაზი გაგევითარებინათ?
თაკო ჩხეიძე: ჩემი ინტერესი მოდისადმი ყოველთვის უფრო ღრმა იყო, ვიდრე მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა - სამოსის არქიტექტურა და ქსოვილის ფაქტურა მხიბლავდა. უცხოეთში მოგზაურობისას Bespoke კულტურამ არაერთხელ მიიაქცია ჩემი ყურადღება. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა - საქართველოში, სადაც კარგად ჩაცმა ესოდენ გვიყვარს - დაგვემკვიდრებინა ეს ევროპული სტანდარტი. მამაკაცის ხაზით დავიწყეთ. თუმცა, ძალიან მალე თავად მომხმარებლისგან წამოვიდა საინტერესო იმპულსი. ქალბატონები, რომლებიც ხედავდნენ ჩვენი ნამუშევრების ხარისხს, ხშირად გვეკითხებოდნენ: "რატომ არ გაქვთ ხაზი ქალებისთვის? ჩვენც გვსურს მსგავსი ხარისხის კლასიკური სამოსი". ამ მოთხოვნამ დამაფიქრა და მივხვდი, რომ ქართულ ბაზარს აკლდა პრემიუმ ხარისხის, კლასიკური ქალის სამოსი, რომელიც Bespoke მკერვალობის სიზუსტით იქნებოდა შექმნილი. ასე გარდაიქმნა ჩემი პირადი გატაცება კლასიკური სტილისადმი სრულფასოვან ბრენდად, რომელიც დღეს უკვე ორივე ხაზს აერთიანებს.
რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ხაზებზე მუშაობის პროცესი? რა მიდგომებს მოითხოვს Blooms და Bespoke?
თაკო: ჩვენი მუშაობის მოდელი სრულად პასუხობს თანამედროვე პრემიუმ სეგმენტის მოთხოვნებს. მამაკაცის ხაზის შემთხვევაში, მათ ვთავაზობთ Made-to-Measure სერვისს, რომელიც იდეალურია დაკავებული ადამიანისთვის, ვისთვისაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. პროცესი ასეთია: მომხმარებელი ჩვენთან მხოლოდ ერთხელ მოდის - ირჩევს სასურველ ქსოვილს კატალოგიდან, ფურნიტურასა და დიზაინის დეტალებს. ჩვენ ვიღებთ ზუსტ ანატომიურ მონაცემებს, რომლებიც იგზავნება ევროპულ საწარმოში, სადაც უშუალოდ მზადდება სამოსი. ერთ თვეში მომხმარებელი იღებს მზა, სრულყოფილ პროდუქტს ყოველგვარი შუალედური ფიტინგებისა და დამატებითი ვიზიტების გარეშე. ეს არის მაქსიმალური კომფორტი და ევროპული ხარისხის გარანტია.
ნინო: მამაკაცის ორეულების შექმნისას გარანტირებულ ხარისხს ე.წ full ან half canvas ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველვყოფთ. ეს არის კოსტიუმის კონსტრუქციის შიდა ფენა, რომელიც ცხენის ბეწვისგან მზადდება და მოთავსებულია ქსოვილსა და სარჩულს შორის; ფენა გადაჭიმულია მხრებიდან ქვემოთ, ან ნახევრად, ან ბოლომდე. ის ხელით, ე.წ. pad-stitch ტექნიკით მაგრდება ზედა ქსოვილზე, რაც სრულად იდეალურ სტრუქტურას ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ არის გამოყენებული წებო. ეს Bespoke ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილის მდგრადობას: მოძრაობისას სილუეტი შენარჩუნებულია და ნივთი ქიმწმენდის შემდეგ არასოდეს კარგავს პირვანდელ სახეს.
ქალის ხაზის შემთხვევაში უფრო მოქნილები ვართ და მომხმარებელს სამ არჩევანს ვთავაზობთ: 1. ევროპული წარმოება - მამაკაცის ხაზის მსგავსად, ინდივიდუალური ზომების მიხედვით სამოსი ევროპაში მზადდება. 2. ადგილობრივი ატელიური წარმოება - შოურუმში გვაქვს ექსკლუზიური ქსოვილების ფართო არჩევანი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს ჩვენი მაღალკვალიფიციური მკერავები ადგილზე შეუკერავენ. 3. Ready-to-Wear კოლექცია - შოურუმში წარმოდგენილია ჩვენი "კაფსულა კოლექცია", სადაც მომხმარებელს შეუძლია მზა მოდელები შეიძინოს ან თავისი ზომის მიხედვით გამოიწეროს კონკრეტული ქსოვილი და ჩვენი ადგილობრივი წარმოების დახმარებით მიიღოს სასურველი შედეგი. ეს მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური გზა შევთავაზოთ მისი სურვილებისა და დროის გათვალისწინებით.
რა არის ის მთავარი ფილოსოფია და ღირებულება, რაზეც თქვენი ბრენდები დგას?
ნინო დიასამიძე: მსოფლიოში ინდივიდუალიზმზე გაზრდილმა მოთხოვნამ Made-to-Measure ტექნოლოგიის პოპულარიზაცია განაპირობა. მომხმარებლის აზომვა ხდება ერთხელ, პროპორციების ინდივიდუალური გათვალისწინებით, შემდეგ კერვის პროცესი ინაცვლებს მსოფლიოს წამყვან ევროპულ საწარმოებში და ბოლოს, საქართველოში ჩამოსვლისას, თითოეული დეტალი სრულყოფილებამდე მუშავდება.
ამ გამოცდილებამ ჩამოგვიყალიბა პრინციპები, რომლებსაც არასოდეს ვარღვევთ; ვმუშაობთ მხოლოდ ქსოვილების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებლებთან: DORMEUL, Drago, REDA, Loro Piana, Zegna, Vitale Barberis Canonico და სხვა. შოურუმში გვაქვს საბაზისო ფაბრიკული კატალოგები და, თუ მომხმარებელი კონკრეტულ ქსოვილს ითხოვს, ჩვენ აუცილებლად ვპოულობთ შესაბამისს, მისი გემოვნებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით. რაც მთავარია, პრინციპი, რომელსაც არასოდეს ვარღვევთ, დეტალების სრულყოფილებამდე დამუშავებაა.
თავადაც აღნიშნავთ, რომ საქმიანი ტანსაცმლის, განსაკუთრებით კი კლასიკური კოსტიუმის შექმნისას, ქსოვილს და თარგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა კრიტერიუმებით არჩევთ მასალებს და ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოგაქვთ?
თაკო: ვთანამშრომლობთ იტალიურ კომპანია Drago-სთან, რომელიც მსოფლიოში შალის საუკეთესო ქსოვილების წარმოებითაა ცნობილი. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოსა და ტექნოლოგიური პროცესის გაცნობა, სადაც ეს მასალები იქმნება, ამიტომ პირადად ვესტუმრე Drago-ს საწარმოებს იტალიის ტექსტილის ინდუსტრიის გულში, ბიელაში. საკუთარი თვალით ვიხილე წარმოების ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ამ ქსოვილებს უნიკალურს ხდის. ეს არ არის უბრალოდ მასალა - ეს არის ინჟინერიისა და ბუნების სინთეზი.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ინიციატივა თავად Drago-ს მხრიდან წამოვიდა, რაც ჩვენი ბრენდის ხარისხისა და ხედვის ერთგვარი აღიარება იყო. დღეს ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ იმავე პრემიუმ კლასის ქსოვილებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები იყენებენ.
ნინო: რაც შეეხება თარგს, ეს ჩვენი ბრენდის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. კლასიკური კოსტიუმის შექმნისას თარგი არ არის უბრალოდ ფორმა; ეს არის მათემატიკური სიზუსტე, რომელიც სამოსს სხეულზე სკულპტურულად სვამს. ჩვენი მიზანია, კოსტიუმმა არ შეზღუდოს მოძრაობა, შეინარჩუნოს იდეალური სილუეტი მთელი დღის განმავლობაში და ხაზი გაუსვას მფლობელის სტატუსსა და თავდაჯერებულობას. სწორედ ქსოვილის უმაღლესი ხარისხისა და ანატომიურად დახვეწილი თარგის სინთეზი ქმნის იმ პრემიუმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენი მომხმარებელი ამაყობს.
ბაზარზე ბევრი მასობრივი წარმოების ბრენდია. თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ის მთავარი დეტალები, რითაც თქვენი მომხმარებელი გრძნობს, რომ პრემიუმ ხარისხის სამოსს ატარებს?
თაკო: მასობრივ წარმოებასა და პრემიუმ სეგმენტს შორის მთავარი განსხვავება სამოსის არქიტექტურასა და მასთან ემოციურ კავშირშია. მასობრივი ბაზარი ორიენტირებულია ვიზუალურ ეფექტზე, რომელიც პირველივე გარეცხვის შემდეგ შეიძლება გაქრეს, პრემიუმ ხარისხი კი სამოსის "უხილავ" სრულყოფილებასა და "მარადიულობაზე" დგას. მასობრივი წარმოება მუშაობს საშუალო სტატისტიკურ ფიგურაზე, ჩვენი მომხმარებელი კი გრძნობს, რომ სამოსი მის ინდივიდუალურ ანატომიას იმეორებს, შესაბამისად, იგი გაძლევს მოძრაობის სრულ თავისუფლებას და ამავდროულად ინარჩუნებს სკულპტურულ ფორმას.
ნინო: საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ხარისხს გრძნობს არა ეტიკეტით, არამედ იმ თავდაჯერებულობით, რომელსაც ეს სამოსი ანიჭებს. პრემიუმ სამოსი არის ინვესტიცია საკუთარ იმიჯში, რომელიც წლების შემდეგაც ისეთივე სრულყოფილია, როგორც შეძენის დღეს.
რა არის ის 3 მთავარი შეცდომა, რასაც ქალები და მამაკაცები ყველაზე ხშირად უშვებენ საქმიანი სამოსის შერჩევისას ან მორგებისას?
თაკო: უპირველესად, ყველაზე თვალშისაცემი არასწორი პროპორციებია: ზედმეტად დიდი სამოსი ადამიანს დაუდევარ იერს სძენს, ზედმეტად ვიწრო კი არღვევს კლასიკურ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მამაკაცის კლასიკურ სტილში "ოვერსაიზ" პიჯაკი შეცდომად მიიჩნევა, მაშინ როცა ქალის შემთხვევაში მცირედი მოცულობა სავსებით დაშვებული და აქტუალურია. მამაკაცების შემთხვევაში ხშირად ვხვდებით მხრის არასწორ ხაზსა და შარვლის ზედმეტ სიგრძეს, რომელიც ფეხსაცმელზე არაპროპორციულად გროვდება.
მეორე შეცდომა დაუდევრობაა მასალის შერჩევისას - არასწორია, როდესაც ყურადღებას მხოლოდ დიზაინს აქცევენ და ქსოვილის შემადგენლობას ივიწყებენ. მესამე შეცდომა აქსესუარების შეუსაბამობაა - საქმიანი იერი ხშირად ფუჭდება წვრილმანების გამო, რომლებსაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა. მამაკაცებში ეს შეიძლება იყოს წინდების არასწორი სიგრძე, რომელიც არ ეხამება შარვალს ან ფეხსაცმელს, და უხარისხო ფეხსაცმელი, რომელიც კონტრასტშია კარგ კოსტიუმთან. ასევე, პიჯაკის ბოლო ღილის შეკვრა - რაც ეტიკეტის უხეში დარღვევაა.
ნინო: პრემიუმ საქმიანი სამოსი მხოლოდ ნატურალური ბოჭკოებისგან (მაღალი ინდექსის შალი, აბრეშუმი, ბამბა) უნდა შედგებოდეს. ისინი ბუნებრივად თერმორეგულირებადია და ნაოჭდება "კეთილშობილურად", რაც ხაზს უსვამს ნივთის ხარისხს.
ქალებში, ზედმეტად ბევრი ან მასიური სამკაული, რომელიც გადაწონის საქმიან იერს, და შეუსაბამო თეთრეული, რომელიც პიჯაკის ან შარვლის ქვეშ იკვეთება. საერთო შეცდომაა იაფფასიანი ფურნიტურა პრემიუმ ქსოვილზე. პრემიუმ კოსტიუმს მხოლოდ ნატურალური რქის ან სადაფის ღილები შეეფერება. საქმიანი სამოსი არის თქვენი უსიტყვო რეზიუმე. თუ პროპორცია, ქსოვილი და დეტალები წესრიგშია, თქვენ უკვე გაქვთ უპირატესობა ნებისმიერ საქმიან შეხვედრაზე.
რა ნივთები უნდა იყოს აუცილებლად ყველა წარმატებული ქალისა და მამაკაცის გარდერობში?
თაკო: უპირველესად, იდეალურად მორგებული პიჯაკი - ეს არის გარდერობის ხერხემალი. პიჯაკს უნდა ჰქონდეს მკაფიო მხრის ხაზი და ხარისხიანი შიდა კონსტრუქცია. ასევე, თეთრი აბრეშუმის ან მაღალი ხარისხის ბამბის ბლუზა. აბრეშუმი ვიზუალს სძენს სინაზესა და პრემიუმ ელფერს, რაც კარგ კონტრასტს ქმნის კოსტიუმის მკაცრ ხაზებთან. ბოლოს კი შარვალი ან ქვედაბოლო, რომელიც ხაზს უსვამს სილუეტს, მაგრამ ინარჩუნებს აკადემიურ სიმკაცრეს.
ნინო: მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი ორეული - ეს არის საქმიანი სამყაროს "ოქროს სტანდარტი". მუქი ლურჯი ფერი ასოცირდება ნდობასთან და ავტორიტეტთან. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მაღალი ხარისხის შალისგან (მაგ: Drago-ს Super 130’s ან 150’s), რაც სამოსს მთელი დღის განმავლობაში იდეალურ ფორმას უნარჩუნებს. თეთრი და ღია ცისფერი ბამბის პერანგები - იდეალურად დაუთოებული, ხარისხიანი საყელოთი. ეს ის ბაზაა, რომელზეც იგება მთელი ვიზუალი. სეზონურად, კლასიკური მუქი პალტო - საქმიანი იერი სრულდება გარე სამოსით.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები - როგორია იმ ადამიანის პორტრეტი, რომელიც ირჩევს Blooms-სა და Bespoke-ს?
თაკო: ეს არის წარმატებული, თავდაჯერებული ინდივიდის პორტრეტი, რომელიც უპირატესობას ინტელექტუალურ მოდას ანიჭებს - როდესაც სამოსი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ატარებს ხარისხის, ტრადიციისა და ოსტატობის ისტორიას. ჩვენი კლიენტი არ მისდევს წარმავალ ტრენდებს; ის ეძებს მდგრადობას და ინდივიდუალიზმს. მისთვის Bespoke და Blooms არ არის უბრალოდ ტანსაცმელი - ეს არის მისი პერსონალური ბრენდის ნაწილი, რომელიც ხაზს უსვამს მის სტატუსს, დისციპლინასა და დახვეწილ გემოვნებას.
ინდივიდუალური კერვა მასობრივი წარმოების ტანსაცმელზე მაღალ ბიუჯეტთან ასოცირდება. რა ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული Blooms Tbilisi-სა და Bespoke Tbilisi-ს სამოსის ტარება?
თაკო: მართალია, ინდივიდუალური მკერვალობა მთელ მსოფლიოში ფუფუნების საგნად და ექსკლუზიურ სერვისად ითვლება, მაგრამ ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, ეს კულტურა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სამოსი განვიხილოთ არა როგორც ერთჯერადი შენაძენი, არამედ როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარ იმიჯსა და თვითშეგრძნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ იმავე პრემიუმ ქსოვილებს, რასაც წამყვანი მსოფლიო ბრენდები, ჩვენი ფასები გაცილებით კონკურენტუნარიანია. გვსურს, ყველა ადამიანს, ვინც აფასებს კლასიკურ სტილსა და ხარისხს, ჰქონდეს შესაძლებლობა, ატაროს სამოსი, რომელიც სპეციალურად მისთვის, განსაკუთრებული ზრუნვით შეიქმნა.
ნინო: მომხმარებელი იხდის ხარისხსა და ოსტატობაში. მასობრივი წარმოების სამოსი ხშირად ერთ სეზონსაც ვერ უძლებს, მაშინ როცა Bespoke ან Blooms-ის ხაზის კოსტიუმი, თავისი კონსტრუქციისა და ნატურალური ქსოვილების წყალობით, წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. თუ დავთვლით კოსტიუმის ღირებულებას მისი ტარების წლებზე (Cost per wear), აღმოჩნდება, რომ ინდივიდუალური კერვა გაცილებით რაციონალური და ეკონომიური არჩევანია.
როგორია Blooms Tbilisi-სა და Bespoke Tbilisi-ს სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა წარმოების გაფართოებას, ახალი კოლექციების დამატებას ან საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას?
თაკო: ჩვენი სამომავლო ხედვა ყოველთვის ეფუძნება განვითარების დინამიკურ, თუმცა გააზრებულ სტრატეგიას. Blooms უკვე იქცა ხარისხის გარკვეულ სტანდარტად, ამიტომ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ბუნებრივად უკავშირდება ამ სტანდარტის შენარჩუნებასა და მისი მასშტაბის ზრდას. რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენი მიზანია არა მასობრიობა, არამედ გეოგრაფიული და კონცეპტუალური არეალის გაზრდა. გვჯერა, რომ ის ევროპული ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, კონკურენტუნარიანია ნებისმიერ ქალაქში, სადაც მოდას პატივს სცემენ.
ნინო: ახალი კოლექციებისა და მიმართულებების კუთხით, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის იმგვარ ტრანსფორმაციაზე, რომელიც თანამედროვე საქმიანი ადამიანის მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს. ჩვენი გეგმები მოიცავს როგორც წარმოების ტექნოლოგიურ სრულყოფას, ისე ბრენდის ფილოსოფიის ახალ სიმაღლეზე აყვანას. ვფიქრობთ, Blooms-ისა და Bespoke-ს მომავალი არის მუდმივი მოძრაობა სრულყოფილებისკენ, სადაც ყოველი მომდევნო ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტ ექსკლუზიურობასა და კომფორტს ნიშნავს.
ფოტოგრაფი: გიორგი პაპიძე































