2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა 0,9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 6,5 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 0,9 პროცენტით შემცირდა და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებზე და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3,8 პროცენტი). ფასები შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე (-1,7 პროცენტი), აგრეთვე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე (-0,7 პროცენტი). 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,3 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (11,8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაზრდილია 12,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,67 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

























