2018 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6,8 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 1,3 პროცენტით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -1,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-4,1 პროცენტი), ასევე სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (-0,5 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0,06 პროცენტული პუნქტით აისახა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,22 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (13,5 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,6 პროცენტი); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 14,6 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები.